Skip to main content

,,გენაცვალა პაპა''.

მახსოვს,ჩემს ბავშვობაში, მოხუცები ასე გვლოცავდნენ:თეთრი თმა–წვერით დამიბერდიო.მაშინ რაღაცნაირად გულზე მხვდებოდა,ვფქირობდი,რატომ უნდა დავბერდე,სულ ახალგაზრდობა არა სჯობს–მეთქი?! მახსოვს, თუ პირველად მიხვიდოდი ოჯახში, ორ კვერცხს გამოგირბენინებდნენ, აქეთ–იქით დაგაჭერინებდნენ ხელში და ჩამოგლოცავდნენ:თეთრი თმითა და წყვილად დამიბერდიო.
თეთრი თმით დაბერება კიდევ გასაგები იყო,მაგრამ წყვილად დაბერება რას ნიშნავდა, ვერ ვხვდებოდი და ვფიქრობდი,ეტყობა, უნდათ მათნაირად ვიყოთ ჩვენც მეთქი და ცოტა არ იყოს,მწყინდა.  მაგრამ როცა უკვე დიდმა ამ სიტყვების მნიშვნელობა გავაცნობიერე,მივხვდი,რამხელა სიბრძნე,სულგრძელობა,თაყვანისცემა და სიყვარული,შთამომავლობის გაგრძელება–გამრვალების სურვილი თუ ნატვრა იდო ამ ერთ თითქოსდა მარტივ,არაფრისმთქმელ ფრაზაში.მივხვდი,რას ნიშნავს დაბერდე წყვილად და თეთრი თმით. 
ახლა როცა ვუახლოვდები იმ ასაკს,როდესაც თავად მეკუთვნის, დავლოცო ჩემი შთამომავალი(არა მარტო ჩემი სისხლი და ხორცი),როცა ნელ–ნელა ვინაცვლებ წინაპართა რიგებში,უფრო ძვირფასი და სათუთი ხდება ეს დალოცვა,უფრო მეტკბილება ყველა მოხუცი და მიჩნდება სურვილი,მოვეფერო,მოვეჯიგრო.
ეს ამბავიც,თეთრი თმითა და წყვილად დაბერებულმა ერთმა ტკბილმა, მხრებში მოხრილმა პაპამ გამახსენა და შთამაგონა.რომელიც ხშირად მხვდება და რომლის სახელიც კი არ ვიცი,ან რად მინდა,პაპაა და მორჩა.  იგი აქვე ცხოვრობს,ერთ–ერთ სახლში, მეუღლესთან ერთად. 
ზოგჯერ ორივეს ერთად ვხედავ და ვაკვირდები,კაცი სულ ფუსფუსებს,რაღაცას თლის,რაღაცას,ჩორკნის,ქალი ისეთი ინტერესითა და სიყვარულით უყურებს,იტყვი, პირველდ ხედავსო. ყოველთვის ჩუმად არიან,ერთმანეთთან მოსაუბრეები არც კი მინახავს,ან რა უნდა ილაპარაკონ, ეს ხომ უკვე ის ასაკია, დუმილიც რომ მეტყველია,უხმოდ რომ უგებენ ერთმანეთს,ერთმანეთის მიხვრა–მოხვრასა და გამოხედავაში ამოიცნობენ ერთურთის ნაფიქრ– ნააზრევსა თუ სათქმელს.  დარწმუნებული ვარ იმათ პატრონი და მზრუნველი არ აკლიათ,მაგრამ მაინც ირჯება პაპა,რადგან იცის,საკუთარ,,ოფლიან შაურს’’არაფერი შეედრება. 
გუშინ,უკვე გვიან ღამით, მე და ჩემი ქალიშვილი სახლში ვბრუნდებოდით, ერთ–ერთ მაღაზიასთან სწორედ თეთრი თმითა და წვერით,წყვილად დაბერებული ჩემი პაპა შემხვდა.რომელიც ხისგან დამზადებულ ნაკეთობებს ყიდდა.დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა,მივსულიყავი და ისე მიმეცა მიზერული თანხა,მივედი კიდეც, მაგრამ ფული რომ მივაწოდე და არაფერი ვიყიდე,იწყინა, ითაკილა.რამე იყიდე,შვილო,ისე ამ თანხას,ხელს როგორ მოვკიდებო,მითხრა და უკან მომაწოდა ფული.შერცხვენილმა ერთი კოხტა, პატარა ხის კოვზი შევარჩიე.დაგვლოცა,ჩემი ხნისა მოიყარეთ,პაპაო. 
სახლში მოსულმა კოვზის ტარზე წარწერა შევნიშნე,ორი სიტყვა ეწერა:,,გენაცვლა პაპა’’.ამ სიტყვებმა ისეთი სითბო ჩამიღვარა სულსა და გულში,ისეთი ნეტარება განმაცდვინა, გადავირიე,დავჯექი და ვიტირე. 
ამის შემდეგ შევხვდები თუ არა ჩემს პაპას,( და იმედი მაქვს,კიდევ ბევრჯერ შევხვდები),აუცილებლად ჩავეხუტები,მოვუყვები ჩემს განცდებზე და ვთხოვ, გამიმეოროს ჯადოსნური სიტყვები,,გენაცვალა პაპა'’.
და ბოლოს,მინდა, წინა სააღდგომოდ ისე დაგლოცოთ,როგორც ბავშვობაში გვლოცავდნენ ბებო–პაპანი: ტკბილად დაბერდით, თეთრი თმა–წვერითა და წყვილად.იხარეთ და იმრავლეთ თქვენს მონაგარში,ძალა მოგცეთ მუხლსა და მკლვში. სიყვარულსა  და სიყვარულით დამიბერდით,ადამიანებო ! მე თქვენ მიყვარხართ! 
27.04.2019წ.

Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...