ჩემს პირველ მოგონებას იმ სოფელზე,სადაც
რამდენიმე დაუვიწყარი წელი გავატარე,გამოხმაურება მოჰყვა,ჩემი კოლეგბისა და იმ ადამიანებისაგან,რომლებიც
იმ დროს ჩემს გვერდით იყვნენ და,შესაბამისად, თვითმხილველნიც,მონაწილენიც და ზოგჯერ
მთავარი მოქმედი პირებიც .ამ ადამიანთა უმეტესობა
დღესაც იმ სკოლაშია და ღირსეულად ემსახურება თავის საქმეს.თქვენ არც კი იცით,ოთხმოცდაათიან
წლებში,როცა ყველაფერი იძარცვებოდა,ინგრეოდა და კაპიკებად იყიდებოდა,რა ძალისხმევა
დასჭირდა ამ ხალხს,სკოლა შეენარჩუნებინა სოფლისთვის,როგორი
ენთუზიაზმით,გროშების ფასად(კუპონები იყო მაშინ),ფეხით გადიოდნენ ურთულეს გზას,ატარებდნენ
გაკვეთილებს და უკანვე ბრუნდებოდნენ,თუ შემთხვევით მანქანა წამოეწეოდათ,თუ მერე ის
მანქანა გაუჩერებდა და წამოიყვანდა,იმ დღეს ცაში დაფრინავდნენ სიხარულით.
მზია დეიდა,ერთ–ერთი ყველაზე მხცოვანი მასწავლებელი, იგონებდა– ერთხელ ისეთ ქარაშოტში და ყინვაში მოვდიოდით, ყინულის ლოლოები დაგვეკიდა ლაბადებზე და შემთხვევით
გამოვლილ მანქანის მძღოლს რომ არ გაეჩერებინა და წამოვეყვანეთ,არ ვიცი,სადამდე გავუძლებდით.სითბოში
ყინულმა ლღობა რომ დაიწყო და გუბეები დავაყენეთ,სირცხვილით სად წავსულიყავით,არ ვიცოდით.იმდენი
ბოდიში ვიხადეთ,მძღოლი ამით უფრო შევაწუხეთო.
ეს გადმოცემით რომ ვიცი,ის ამბავია და რაც მე გადამხდენია მათთან ერთად,კიდევ
სხვაა.
დღის რეჟიმი,რომელიც ცხოვრების ნორმად და წესად ჩამომიყალიბდა იმ წლებში დაახლოებით ასეთი
იყო.დილით ექვს საათზე ვდგებოდი,ნახევარ საათში
ვწესრიგდებოდი და შემდეგ ნებისმიერ ამინდში,წვიმაში,თოვაში,ქარში,ქარაშოტსა თუ ყინვაში
მივეშურებოდი ავტოსადგურისკენ ფეხით.ნახევარ საათში,ოც წუთში ადგილზე ვიყავი,გააჩნდა
ამინდს,შვიდზე უკვე ტრანსპორტში ვისხედით და მივემგზავრებოდით.დაახლოებით რვა საათისთვის სკოლაში ვიყავით,აქაც გზის მდგომარეობას ჰქონდა
მნიშვნელობა,მოყინულზე დიდხანს მივსრიალებდით,ზოგჯერ ბზრიალ–ტრიალითაც,ზოგჯერ ჩამოსვლა
და მიწოლა გვიხდებოდა.მახსოვს, ერთხელ რომ მოვცურდით და სავალი გზიდან უკანსვლით გადავვარდით,ხემ
დაგვიჭირა(მისი დამრგველი გაახარა ღმერთმა J )მძღოლმა გვთხოვა,ჩავსულიყავით და
მივწოლოდით,შვიდი მასწავლებელი ვიყავით,შვიდივე ქალი და ერთიც იმ მარშუტკაში შემთხვევით
აღმოჩენილი კაცი.ისეთი მონდომებით ვაწვებოდით,ლამის წელში გავწყდით,დაგვცხა,გავიოფლეთ,ვიღას
ახსოვდა,სიცივე და ყინვა.ბოლოს,მოხდა ისე,რომ მანქანის საბურევები ტალახამდე დავიდა
და ერთიც რომ დაატრიალა საბურევები მთელი ტალახი,ყინულნარევი,ზედ გადმოგვასხა,სახეზე,ლაბადებზე,ისეთი
საცოდავები და,ამავე დროს,სასაცილოები ვიყავით,თან ვიცინოდით(ერთმანეთზე) თან ვტიროდით(საკუთარ
თავზე), თან პირიდან ვყრიდით ნახევრად გაყინულ ტალახს.როგორც იქნა,ამოვათრიეთ მანქანა,ხომ
დაუჯერებელია,მაგრამ ასე იყო.დავსხედით ისევ და დავადექით გზას,ერთ სოფლამდე მშვიდობით
ავაღწიეთ,გავცდით თუ არა,ისევ დიდ თოვლში შევვარდით ცხვირით და იქვე დამთავრდა ჩვენი
სამანქანო მოგზაურობაც.მძღოლი შემოგვევედრა,ასე არ მიმატოვოთ,ცხვირი ქალაქისკენ მაქნევინეთო,აბა,დავცვივდით
ისევ მანქანას,ვეომეთ,ვეჯაჯგურეთ და მოვაბრუნეთ(ახლა მიკვირს,რა ძალა გვქონდა,მაგრამ
ხომ ნათქვამია,,გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო’’).მანქანა უკან დაბრუნდა,ჩვენ ფეხით გავაგრძელეთ გზა,თუმცა
მძღოლი დაგვპირდა,რომ შუადღისთვის ისევ იმ ადგილას დაგველოდებოდა.გალაფულსა და შეციებულს გამახსნედა,რომ ლაბადა კარგად იწმინდებოდა
თოვლში,ამიტომ ვიდრე სკოლამდე მივიდოდი,ჩემი ნებით შევვარდი დიდ ნამქერში და ვიკოტრიალე ,სხვათაშორის,გაამართლა J.კიდევ იცით,რამ გაამართლა?! გახურებულმა,აგუზგუზებულმა
ღუმელმა,ცხელმა ჩაიმ და ასმა გრამმა ჭაჭის არაყმა. J
ჩავატარეთ გაკვეთილები,ამასობაში მოშუადღევდა, სახლში უნდა დავბრუნებულიყავით,დიდი
ალბათობით ფეხით,რადგან მძღოლი ჩვენი დირექტორის
ზარს არ პასუხობდა,ბოლოს საერთოდაც
გამორთო ტელეფონი.სხვა რა გზა გვქონდა,წამოვედით ,თუმცა ახლა სხვაგვარ გასაჭირში აღმოვჩნდით.დღის
განმავლობაში მზე გამოვიდა და თოვლმა დნობა დაიწყო,როგორ იყო იცით? მაღლიდან კი იდო
თოვლი,მაგრამ ფეხს რომ დაადგამდი,გეფლობოდა და დაბლა უკვე წყალში ტოპავდი.უარესი იყო,რადგან
როგორც არ უნდა აგვერიდებინა ფეხი,მაინც ვსველდებოდით.გზის ბოლომდე ისე გაგვეჟღინდა
ჩექმა, ფეხის არიდებას აზრი აღარც ჰქონდა,ჰოდა,მოვდიოდით და მოვჭყაპუნობდით,ახლა იქაც
კი, სადაც შეიძლებოდა ავრიდებოდი,აღარ ვერიდებოდი,პირდაპირ შევაჭრიდი და გადავტოპავდი(ამას
ყველა არ აკეთებდა,მე და რუსულის მასწავლებელი მარინა ვაქტიურობდით).ბოლოს,სახლში მისულმა,ჩექმა
ცალკე ვწურე და სამოსი ცალკე J მაგრამ,წარმოიდგინეთ,ავად არ გავმხდარვართ
არცერთი,მეორე დღეს ისევ ახალი შემართებით
შევუდექით საქმეს.სხვათა შორის,მართალია ჩემ გარეშე,მაგრამ ჩემი მაშინდელი კოლეგების უმეტესობა დღესაც ისევ ისე ერთგულად და ღირსეულად ემსაურება უკვე
გენში,სისხლში გადასულ თავის პროფესიულ მოვალეობას–მასწავლებლობას,მომავალი თაობის
აღზრდას.ეს რამხელა ენერგიას,ნერვებს,ხიფათს და ბევრჯერ რისკსაც მოითხოვს,კარგად ვიცი.ამიტომ,მიმაჩნია,რომ
ყველა მათგანი გმირია და ის იშვიათი გამონაკლისი,რომელთა ამაგსაც ვერავინ გადაიხდის.მათნაირი
ადამიანები უმრავლოს ღმერთმა საქართველოს .
ამაყი ვარ,რადგან ისინი ჩემი კოლეგები,ჩემთვის განსაკუთრებული ადამიანები იყვნენ,არიან
და იქნებიან მუდამ.
10.12.2016წ.
Comments
Post a Comment