მე და ჩემს და-ძმას წიგნის კითხვა დედამ შეგვაყვარა.მისი სამსახური,საბავშვო ბაღი,რომელშიც ჩვენ დავდიოდით,და
ბიბლიოთეკა,ერთ სივრცეში იყო განთავსებული.
კვირაში ერთხელ შევდიოდით სოფლის სამკითხველოში და ვარჩვდით წიგნებს,უპირატესობას,რა
თქმა უნდა, ლამაზად ილუსტრირებულ,დიდი ასოებით მოკვარახჭინებულ წიგნებს ვანიჭებდით.მერე, საღამოს,როცა დედა ოჯახის
საქმეებს მოამთავრებდა,მოგვიჯდებოდა და გვიკითხავდა.ეს ერთგვარი რიტუალი იყო და მოუთმენლად
ველოდით.თუმცა დღის განმავლობაში გადაღლილი დედა,დიდხანს და ბევრს ვერ გვიკითხავდა,მალევე
მოაკალოებდა ხოლმე და გვეტყოდა,დანარჩენი ხვალ წავიკითხოთო.ჩვენ არ გვყოფნიდა და ვიწყებდით
ბუზღუნს.მერე მე,როგორც უფროსი ,ვიღებდი ამ წიგნს ხელში,ვათვალიერებდი ილუსტრაციებს
და და-ძმას ამ ნახატების მიხედვით ვუთხზავდი
და ვუამბობდი ფერად ამბებს.ისინიც იჯერებდნენ და გაფაციცებული მისმენდნენ, თუმცა სულ მქონდა
უკმარისობის განცდა,ხომ ვიცოდი,ეს ყველაფერი, ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო და იქ სულ სხვა რამ ეწერა,ამიტომ ერთი სული მქონდა,მესწავლა-წერა
კითხვა და აღარავისზე ვყოფილიყავი დამოკიდებული.
ბავშვობის
მეგობარი მყავს,მეგი,ჩემზე ერთი წლით უფროსი და როცა, შესაბამისად, ჩემზე ერთი წლით
ადრე მიიყვანეს სკოლაში,მეც მეშველა. როგორც
იმას ასწავლიდნენ,რასაც ავალებდნენ სახლში,მეც ზედმიწევნით მასრულებინებდა.მართალია,ზოგჯერ
გამთაქავდა,ან მომქოჩრავდა,ან ყურს ამიწევდა,ან თმას ამაწიწკნიდა ბაკებთან,მაგრამ ვიტანდი,რადგან
ეს ხომ იმდროინდელი განათლების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი იყო და აბა ისე როგორ შეიძლებოდა.
ერთი
სიტყვით,როგორც მეგის ექცეოდნენ სკოლაში,ეგრე მექცეოდა მეც.ეფერებოდნენ-მეფერებოდა,ლანძღავდნენ-მლანძღავდა,გააწიწკნიდნენ
თმებს-გამაწიწკნიდა,ამის საბაბს მივცემდი თუ არა, დიდი მნიშვნელობა არა ჰქონდა და ვიყავით
ასე სიამტკბილობაში.
სამაგიეროდ
შედეგი მქონდა კარგი,ხუთი წლისამ გამართულად ვიცოდი წერა-კითხვა, ანგარიში და სკოლაში
რომ მივედი,დავტანჯე ჩემი მასწავლებელი,რადგან სულ ენა მქონდა წაგდებული და არავის
ვაცლიდი, ეთქვა რამე,ამიტომ ხშირად იქაც ვისჯებოდი,თუმცა არც თმას მაწიწკნიდა და არც
ყურებს მახევდა,ისე აუწევდა ხოლმე ტონს ჩვენი ძალიან ჰუმანური და საყვარელი მასწავლებელი.
თუკი
რომელიმე ქვეყნის ზღაპარი არსებობდა,ყველა წაკითხული მქონდა და ზამთარში,როცა ეზოში
ვერ გავყავდით მასწავლებელს, სპორტის ან შრომის გაკვეთილზე,ვიდექი და ვყვებოდი ტაჯიკურ,უზბეკურ,უკრაინულ,ყირგიზულ
თუ რუსულ ზღაპრებს.ერთი სიტყვით, მთელი თხუტმეტი მოძმე რესპუბლიკის ზღაპრები მაქვს
ჯერ სულმოუთქმელად წაკითხული, მერე ნება- ნება და სვენებ-სვნებით მოყოლილი.
მეზობელი
მყავდა,რუიზანი,პედაგოგი ყოფილა.ყოფილა იმიტომ,რომ ჩემს ცნობიერებაში რომ შემოვიდა,უკვე
აღარ ასწავლიდა,აუარება წიგნი ჰქონდა სახლში,მასთან მისვლა მარტო ამიტომ მიხაროდა,ვიდექი
და ვათვალიერებდი საათობით.ისე უყვარდა და უფრთხილდებოდა ყველა წიგნს,სასწაული უნდა
მომხდარიყო, ეთხოვებინა.წიგნის გულისთვის შეეძლო,სამუდამოდ გადაგკიდებოდა.ერთხელ წიგნის
მოპარვა დამაბრალა,ძალიან ვინერვიულე,მაგრამ არაფრის გაგონება არ უნდოდა,წაიღე და მომიტანე,არ
მაინტერესებსო,მეუბნებოდა.თავს რომ ვერ ვიმართლებდი, ვიდექი და ვტიროდი,გადამეკიდა
დანასისხლად. ერთი კვირის თავზე თავად მოვიდა,უპოვია ის წიგნი,სადღაც უკან ყოფილა გადადებული
და მე თურმე სულაც არ ვყოფილვარ წიგნის ქურდი,წიგნიც ხელში ეჭირა,მახსოვს ემილ ზოლას,,ქალთა
ბედნიერება’’ იყო.ბევრი არ უბოდიშია,აი,ვიპოვეო და სულ ტყუილად გაბრალებდიო,თქვა და
წავიდა.მან კი დაიმშვიდა გული,მაგრამ მას შემდეგ მისი წიგნებისკენ კი არა, სახლისკენაც
მეზარებოდა გახედვა.
სამაგიეროდ
მყავდა ბიბლიოთეკარი ზინგული,ჩემი დის ნათლია,ულამაზესი,უთბილესი და უტკბესი ქალბატონი.ოღონდ
რამე წაგეკითხა,ვის გასცემდა ხმას,თუმცა წიგნის დაგვიანება ან მისთვის ოდნავი ნირის შეცვლაც კი გვეკრძალებოდა.დასჯის თავისებური
მეთოდი ჰქონდა,წიგნს აღარ გამოგატანდა,ვიდრე კარგად არ მოინანიებდი,მერეც ვინმე გავლენიანი
უფროსი უნდა ჩაგერია საქმეში და მაშინ ლღვებოდა ყინული.ამიტომ იყო,რომ წიგნს გამოვიტანდი
თუ არა,გაზეთ ,,კომუნისტს’’,ან ,,სოფლის ცხოვრებას’’ან რომელიმე გაზეთს, ცოტა იყო თუ
რაა,შემოვაკრავდი და მიტანის დროს შემოვაცლიდი,მეც მშვიდად ვიყავი,ბიბლიოთეკარი ზინგულიც
და თავად წიგნიც.
რამდენიმე
წელიწადში გადავიკითხე თითქმის ყველა წიგნი, ჩვენი ბიბლიოთეკისა,რა თქმა უნდა,მხატვრული
ლიტერატურა. იქ ეწყო უშველებელი ტომები მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინისა,რომელთაც
შორიახლოდან ვუვლიდი და არ ვეკარებოდი, პრინციპში
არც მაკარებდნენ,მეუბნებოდნენ,ესაო,მეცნიერული ნაშრომებია და ჯერ ვერ გაიგებ,პატარა
ხარო.მეც ველოდებოდი,გაზრდას,მაგრამ არ დამცალდა,ვიდრე გავიზარდე და გავხდი ღირსი,
წამეკითხა,დაიშალა საბჭოთა ძმური კავშირი და დამრჩა წაუკითხავი ამ დიდი გენიოსების
ნაღვაწ-ნააზრევი.
მიუხედავად იმისა,რომ ახლა მხატვრულ ლიტერატურს ნაკლებად
ვკითხულებ,მხოლოდ არდადეგებზე,რადგან არ მცალია და უმეტეს დროს პროფესიული ხასიათის
სახელმძღვანელოებს ვუზივარ,ზუსტად ვიცი,რომ არა დედა და მისი გულმოდგინება,მონდომება,მის
შვილებს ყვარებოდათ წიგნი,არაფერი გამოვიდოდა.
პ.ს.დედა უკვე 71 წლისაა თუმცა ახლაც ისეთივე გატაცებითა და ინტერესით კითხულობს,როგორც
მაშინ,ჩემს ბავშვობაში და მინდა კიდევ დიდხანს,ძალიან დიდხანს იკითხოს...
კიდევ პ.ს.ამიტომ
გთხოვთ, მშობლებო, მოიწამლეთ, დაავადდით,მოწამლეთ და დააავადეთ წიგნის სიყვარულით თქვენი შვილები,რადგან სხვას რომ შეაყვარო,შენ
უნდა გიყვარდეს,შენ უნდა გრძნობდე,
გწამდეს,განიცდიდე და უიმისოდ სიცოცხლე არ შეგეძლოს,მერე ნახავთ,რამხელა მადლი გადმოვა
თქვენს შთამომავალზე,თქვენ კი სამუდამოდ ცხონდებით.
28.10.2019წ.
Comments
Post a Comment