სოფელში მოხუცი ცოლ–ქმარი ცხოვრობდა,შალიკო და ნინა.მარტონი იყვნენ,კი ემზრუნველებოდნენ ერთმანეთს,მაგრამ წლებს მოეტეხა ორივე,აღარ მოსდევდათ ჯან–ღონე და ბარაქასაც ვეღარ ატანდნენ საქმეს.ერთი მორბედი ნამდვილად სჭირდებოდათ და აი,ამ ფეხმარდის მოვალეობა ვიკსრე მე,ნებაყოფლობით,რა თქმა უნდა.ჩემი მოვალეობა იყო,წყაროდან,პატარა დოქით,წყალი მომერბენინებინა,მაღაზიიდან პური და პაპიროსი მომეტანა ,ან რაც დასჭირდებოდათ.ერთი სიტყვით,ჩავები მათი ცხოვრების ფერხულში...საკუთარი შვილიშვილივით მევლებოდნენ თავზე,ყოველთვის იყო მათ განჯინაში თუ მარანში ჩემთვის გადანახული ჩურჩხელა,კანფეტი თუ სხვა სასუსნავი.ყოველ დღე,ან დღეში რამდენჯერმე მივდიოდი მათთან,ვეკითხებოდი,ხომ არაფერი სჭირდებოდათ.არასოდეს არაფერი დამნანებია და დამზარებია მათთვის.რატომ მიყვარდნენ ასე,არ ვიცი...დღემდე ცხადად მახსოვს ნინას გარდაცვალება...არ ვიცოდი,ისე მივაკითხე და შალიკოს გამგმირავი ტირილის ხმაზე,კარებშივე გავშეშდი,ახლაც ჩამესმის ყურში მისი ხმა,ახლაც ვხედავ, როგორ იყო დამხობილი და როგორ ეფერებოდა,იმ ქალს,ვისთან ერთადაც განვლო თითქმის ნახევარი საუკუნე.ჩემმა ტირილმა მოახედა შალიკო,მოდი,შვილო,მოდი,აღარა გვყავს ჩვენი ნინაო.მერე გულში ჩამიკრა და ასე ვტიროდით ერთხანს,მერე მოვიდნენ მეზობლები,მოგროვდა ხალხი...მერე მის დაკრძალვამდე ყოველდღე ვუჯექი გვერდით შალიკოს და ვიღებდი სამძიმარს,დავჩერებოდი ნინას და რაღაც დიდი ტკივილს ვგრძნობდი, ორმაგად მტკიოდა, რადგან მეცოდებოდა მოხუცი, რომელიც მოკვდა და მეცოდებოდა მოხუცი,რომელიც ცოხალი დარჩა...მაშინ ექვსი წლის ვიყავი,მაშინ ''აღმოვაჩინე'' და შევიგრძენი სიკვდილის მწკლარტე გემო და მძაფრი სუნი...მაშინ მეტკინა პირველად ადამიანის წასვლით დაცარიელებული ადგილი გულის კუნჭულში... დაკრძალვის დღეს მაღლა გორაკიდან(გვერდიდან)ვადევნებდი თვალს ყველაფერს,ჩუმად ვტიროდი მუხლებზე ჩამჯდარი,ვუყურებდი ხალხს და ვხვდებოდი,რა რთული იყო დიდობა,რა საპასუხისმგებლო ადამიანად ცხოვრება, რა ძნელი დაბერება და მშვიდად წასვლა ამიერიდან –იმიერში...
10.03.2017წ.
Comments
Post a Comment