Skip to main content

თოვლს მოყოლილი ამბავი


      თოვს როგორღაც  მშვიდად,ხვავრიელად,ლამაზად...  სიჩუმე და სიმშვიდე,ათასფერი ფანტელების ცვენა ციდან, წარსულში მაბრუნებს და იმ წლებს მახსენებს,სოფლის სკოლაში რომ ვასწავლიდი.
   სოფელი მთაშია,ქალაქიდან არც თუ ისე შორს,მაგრამ იქ ზამთარიც სხვანაირია და ზაფხულიც,(იქ ხალხიც სხვანაირია,როგორღაც უფრო თბილი და ტკბილი,მზრუნველი და მოამაგე).
  ახლა,ამ წუთას,ფანჯრის მინას ცხვირმიკრული,ჩემს მოგონებებს გავცქერი,  ვხედავ ტყით შემოსილ  მთებს,   თოვლით  გადაპენტილ ხეებს,ქარის ოდნავ  შეხებაზეც რომ აიშლება  და ერთიანად გადაბარგდება იქვე ახლომახლოს, ან სულაც შორს...
 მიყვარს სითეთრე და სიმშვიდე,   ამის შეგრძნება, აქ სოფელში,  ათმაგდება.საკვამურებიდან ამოსული ბოლი ,ეზოში მყეფარე ძაღლი კიდევ უფრო ამყუდროვებს  ყველაფერს.სოფელს სხვა თვალი და ყური აქვს,სხვა სუნი და გემო.ტკბილია,როგორც გოლეული  და თბილია,როგორც დედის  უბე–კალთა, როგორც ბებოს ნაჭირნახულევი ნაჯაფი ხელების სუნი,   მშობლიური და სანატრელი.
ვხედავ მთებში მიმავალ სამანქანო გზას,საცალფეხოს რომ ჰგავს უფრო,რადგან,ზოგგან  ორი მანქანაც ვერ აუქცევს  ერთმანეთს.სოფელი ერთ  მხარესაა  გაშენებული,მეორე მხარეს ხევი ჩამოუდის და იმ ხევში ზოგჯერ წყნარად მიმავალი(თითქოს ჭიასაც არ გააღვიძებსო) და ზოგჯერ გააფთრებული მდინარე მიქუხს თუ მირაკრაკებს(გააჩნია წელიწადის  დროს და განწყობას).
სკოლა სოფლის გასასვლელში დგას,ორსართულიანი,კოხტა,მოვლილი ეზოთი. წლოვანი ფიჭვნარი უფრო მეტ  ხიბლს მატებს არემარეს, გაზაფხულზე,დამტვერვის დროს, კი ისეთი საოცარი სურნელი იფრქვევა, გინდა,უფრო ხარბად ისუნთქო,რომ  უფრო ბევრი ჟანგბადით გაიჟღინთოს ფილტვები.ხეების ქვეშ სეზონზე ამოსული შავჩოხა კი თავმომწონე,ახლადშეღერებული ყმაწვილივით ამოგვყურებს,რატომღაც შავჩოხა სოკო კაცი მგონია,ალბათ,იმიტომ,რომ შავჩოხა  ჰქვია,  შავ ჩოხაშია გახვეული.
ერთხელ,დიდთოვლობისას,სამასწავლებლოს ფანჯრიდან,მთაზე შეფენილ ფიჭვნარში ირმებიც შევნიშნე,უფრო სწორად– შვლები.როგორი აღტაცება გამოიწვია,ვერ აღვწერ.ისეთი ლამაზები იყვნენ,მათ ყურებას არაფერი სჯობდა,ყელშეღერებულები,გაფაციცებულები   აკვირდებოდნენ არემარეს, მალევე შებრუნდნენ უკან,ეტყობა საფრთხე იგრძნეს.მას შემდეგ აღარ მინახავს,არ ვიცი,იქნებ ვინმეს ტყვიამაც შეიწირა რომელიმე მათგანი,ან ყველა?! ერთხელ სკოლაში მოიტანეს ამბავი, სოფელში ყველაზე მაგარ მონადირედ თქმულ კაცზე,შველი მოკლაო.იქნებ იქიდან იყო რომელიმე,ვერ გეტყვით,თუმცა  გული   ძალიან მეტკინა...მახსოვს ვაჟას ,,შვლის ნუკრის ნაამბობს,’’რომ ვუხსნიდი ბავშვებს,ვტიროდი,ახლაც ვხედავ მათ აწყლიანებულ თვალებს,ისე განვიცადეთ,თითქოს პატარა,ჭრელქათიბიანი შვლის ნუკრი ჩვენ წინ იდგა და უხმოდ გვდებდა ბრალს,დაუნდობლობაში,გაუტანლობაში...დღემდე მაოცებს იმ ბავშვების გულწრფელობა,სულის სიწმინდე,სისუფთავე,ზებავშვურობა,ამიტომაც ვამტკიცებ გამუდმებით,თუ გინდა თავი ჭეშმარიტ მასწავლებლად იგრძნო,სოფლის სკოლაში უნდა ასწავლო,ეს სკოლა რაც უფრო შორს იქნება ,,ცივილიზაციისაგან’’,მით უკეთესი–მეთქი.
   ოთხი ურთულესი და,ამავე დროს,ულამაზესი წელი  მაკავშირებს ამ სოფელთან,სკოლასთან,ბავშვებთან.დღესაც არ გამიწყვეტია კავშირი მათთან.როცა რომელიმე მათგანს ვხვდები,იმ დღეს უბედნიერესი ვარ,ის პატარა გოგო–ბიჭები უკვე დიდები არიან და ცხოვრების გზას ადგანან,თუმცა ჩემი მათთან შეხვედრა იმ წლების წარუშლელ შთაბეჭდილებებთანაა გადაჯაჭვული,ჩემი ცხოვრების,სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია.

ვ.სებისკვერაძე
15.12.2016წ.


Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...