Skip to main content

ერთხელ, დასჯილი რომ ვიყავი.


ცოდვა გამხელილი სჯობს და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ  ფოცანგარა  ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ  ფათერაკებიდან ერთერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა.
ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის  უმაღლეს  ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... ...ჰოდა,საღამოა,მშვიდი,ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი-როგორც ტერენტი გრანელი იტყოდა.გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიანკაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილმისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდაპირე ბინის ფანჯარაში, ოთახში მაგიდასთან მჯდომი კაცი,რომელსაც ლამპა ენთო(ეტყობა რომანტიკას  ეტანებოდა) და გამალებული რაღაცას წერდა.მაშინვე  გამინათდა  გონება,გამოვიპარე სახლიდან,ჩავიპარე ეზოში,ეზოდან კი ავიპარე იმ კაცის სახლში,მივიპარე მისი ოთახის კართან,რომელიც  საბედნიეროდ  ღია დამხვდა და ისე დავადექი თავზე,ვერაფერი გაიგო,ხოლო როცა გაიგო,უკვე შავი დღე ადგა,იმხელა კაცი(120 კგ მაინც იქნებოდა)ისე ხტოდა და კანკალებდა შიშისაგან,წარმოიდგინეთ, მეც კი შემეცოდა და რაც შემეძლო,ვაწყნარებდი,დამეფიცება,მის შეშინებაზე იმდენი ენერგია არ დამიხარჯავს,რამდენიც დაწყნარებაზე...ხოლო,როცა დაწყნარდა,ბევრი იცინა,შოკოლადით ჩამიკოკლოზინა ყელი და პაპაბებოსთანაც პირადად წარმადგინა.
პაპამ რომ დამინახა,გადაირია,ბებოს უთხრა,ეს სახლში არ იყო დატოვებულდასჯილიო?ბებო ხმას ვერ იღებდა,გოგნებული იდგა,ხოლო როცა ბატონმა დავითმა უამბო,რაც დავმართე,გეფიცებით ახლად ნაჭამი შოკოლადი კი არა,რაც ოდესმე შოკოლადი მეჭამა,ერთიანად მადინეს ძმრად ცხვირში.
23.04.2014 წ.

Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...