ბევრი უცნაური რამ გვინახავს და გადაგვხდენია
ადამიანებს ცხოვრების მანძილზე და ვიდრე ცოცხლები ვართ,კიდევ ბევრს ვნხავთ და გადავიტანთ .ამ უცნაურობათა შორის ბევრი სახალისოა
და ბევრიც მტკივნეული. არის ისეთი,იმ წუთას რომ გაგამხიარულა და მერე ჩაგაფიქრა ღრმად,ან,პირიქით,იმ
კონკრეტულ შემთხვევაში დაგზაფრა,შეგაშინა და დროთა განმავლობაში რომ იხსენებ,კვდები
სიცილით.ერთი სიტყვით,დრო ახარისხებს,აჯამებს და განკუთვნილ ადგილს უჩენს ყველაფერს.
წლების წინ საოცარ ქორწილში აღმოვჩნდი,ჩემს
ახლობლებთან ერთად, აი,როგორ ქორწილში იცით?! რომ მიგიხარია და რომ გჯერა,კარგ დროს
გაატარებ,იმხიარულებ, იცეკვებ,იმღერებ,იპურმარილებ,ჩაეხუტები შენთვის საყვარელ ადამიანებს,
თუ გასათხოვრად ხარ შეღერებული,მეზობელი მაგიდებიდან ხელსაწმენდზე გაკრული ხელით დაწერილ ორ-სამ საარშიყო წერილსაც მიიღებ და ჭკუაზე აღარ ხარ.ერთი სიტყვით, ბოლომდე ამოწურავ შენს შესაძლებლობებს.
(ქორწინების ის უმთავრესი საზრისი,საღვთო საიდუმლო
რომ ჰქვია,ერთ ხორც და ერთ სულ ყოფნასთან ერთად
უდიდეს პასუხისმგებლობას რომ გულისხმობს,დიდად
არავის ახსოვს დრაფტა- დუბაში და მომკალით, თუ გინდათ).
დაიძახეს,აბა ჩვენი სოფლის შვილის შვილმა,აწ უკვე
საქართველოს სხვა კუთხეში გადასახლებულმა ღირსეულმა
ქართველმა კაცმა,რომელიც არაფერს აკლდება ჩვენთან,ვაჟი
დააქორწინაო და ვიხუვლეთ.ერთი დიდი ავტობული, იკარუსი რომ ერქვა,დავიქირავეთ.ყველაზე
დიდი მაშინ ეს ტრანსპორტი იყო, მაგრამ ამაშიც დასწრებაზე იყო ადგილები. დილიდანვე დავიჭირეთ
თადარიგი,ჩავსხედით და გავემგზავრეთ, ბევრი ვიარეთ,თუ -ცოტა,შორი გზა გავიარეთ და მივედით.ის
დროა,მაგიდები იშლება ,,პალატკებში.’’
კი მივხვდით,ნამეტანი ადრე მოგვივიდა მისვლა,მაგრამ
სადაც ბიძაჩემია,ადრე მისვლა რას მიქვია, პირიქით,
ფიქრობდა, რომ დავაგვიანეთ.(პასუხისმგებლობის განცდა აქვს საოცარი,ის კი არა,რომ მიგვეშვა
ნებაზე,დილის ხუთ საათზეც წამოგვიყვანდა,გზაზე მივდივართ,რკინაში ვსხედვართ და რა იცით,რა
ხდება,თადარიგი დავიჭიროთო.)
რა უნდა გვეკეთებინა,შევჯგუფდით და დავიწყეთ ერთმანეთის გართობა,დრო რომ გაგვეყვანა.მე
მალე მომწყინდა ერთ ადგილზე დგომა და დავიწყე ბოდიალი გასაშლელ მაგიდებს შორის,განსაკუთრებული
ყურადღებით ვაკვირდებოდი ნეფე-პატარძლისთვის განკუთვნილ ადგილს, როგორ რთავდნენ,რა
იცი როგორ დამჭირებოდა სამოამვლოდ.
აქ ვნახე პირველად პატარძლისა თუ ნეფის
ტორტი,მოსართავები რომ სცვიოდა და ცოტა ხანში ბისკვიტიღა დარჩა, ანუ მთლად გაშიშვლდა.
როგორც მივხვდი,ამ ტორტის გონიერმა
შემქმნელმა,კრემი არ წაუსვა გარედან,რომ ეს,, ყვავილნარი’’ დაემაგრებინა,ჰოდა, ნაწილი
ჩამოდნა და ჩამოიღვენთა,ნაწილი კი აი ეგრე იყრებოდა,მწიფე ხილი რომ ცვივა ხის ოდნავი
გარხევის დროსაც კი.
მერე არ ვიცი,რა ქნეს, ნეფე-პატარძლის
მოსვლამდე,უკვე გაწყობილ მაგიდას რომ გადავავლე თვალი,ის ტორტი იქ აღარ იყო,მის მაგივრად
ორი უშველებელი ტორტი იწონებდა თავს.
აბა,მოვიდა ნეფე-პატარძალი,შევეგებეთ,(
წინა რიგებს ვის დავუთმობდით,ბოლოს და ბოლოს,სამი საათით ადრე ვიყავით მისულები. )არ
ვიცი,ეს იმ კუთხის ტრადიცია იყო თუ ამ ნეფემ იმეტიჩრა,პატარძალი აიყვანა ხელში და ასე
გაეშურა კუთვნილი ადგილისკენ,მაგრამ ბოლომდე ვერ მიაღწია,რადგან გოგო საკმაოდ ფერხორციანი
და ლოგინს რომ შაამსებდა ეგეთი იყო და დაუვარდა ხელიდან,ვიდრე ჩვენ შევიცხადეთ და სახმო
სიმებიდან ათასგვარი ბგერის ამოშვებას მოვრჩით,დაუბნეველი
ნეფე ეცა და წამოახტუნა,ცოტა კაბა კი შეელახა,მაგრამ
იმასთან,რაც შემდეგ იმ კაბას პატარძალთან ერთდ დაემართა,ეს რა მოსატანი იყო.
ახლა ჩვენ კი ვიყავით დილაბნელზე მისულები,
წინა რიგებიც გვეკავა,მაგრამ გადახურულში ჩვენი ადგილი მაინც არ აღმოჩნდა და ,,პალატკის ‘‘გარეთ გვიკრეს
თავი.მაშინ კი გავბრაზდით და ვითაკილეთ,მაგრამ მერე,ვინც ჩვენ გარეთ დაგვსხა,რაც
ის ვლოცეთ,ერთი ასი წელი ეყოფოდა მის ჯიშსა და ჯილაგს.
აბა,დაიწყო ქორწილი,ყველა წესისა და
ადათის დაცვით,ნელ-ნელა შევიდა ფაზაში და იმატა ყაყანმაც. ეს საწყალი თამადა კი გაჰკივის
ბოლო ხმაზე,მაგრამ ნეტაი შენ,ვისი ხარ,ვის დაჰკარგვიხარ.
ჩვენ,უკანა რიგებში მსხდომებმა,რომ
არაფერი გამოგვპარვოდა, ჭკუა ვიხმარეთ,ბრეზენტის ერთი მხარე გავხსენით სანახევროდ და
იქიდან ვადევნებდით ყველაფერს თვალს.
ახლა თამადის ნათქვამი შიგნით არ ესმოდათ
და გარეთ რას გავიგონებდით,ამიტომ ჩვენი საკუთარი
თამადა დავნიშნეთ და გამოვაცხადეთ სრული ავტონომია.ერთი ეგ იყო, სასმელ-საჭმელი რომ
შემოგველეოდა და მოპრიალდებოდა თეფშები,ჩვენი ბიჭები მიდიოდნენ და მოჰქონდათ,სადაც
საერთო მარაგი იყო იქიდან,აბა მომსახურე პერსონალს ჩვენთვის არ ეცალა,ისინი სტუმრებზე
კარგად ერთობოდნენ.
ამასობაში გახურდა ქეიფი,შეთვრა დიდი
და პატარა და დაიწყო და რა დაიწყო,ჯერ ერთ მაგიდასთან ატყდა კამათი,რომელიც ჩხუბში
გადაიზარდა,გაიყვანეს და ძლივს დააწყნარეს,ცოტა ხანში მეორე მაგიდასთან ატყდა, გამიშვი,დამიჭირე,მერე
-მესამესთან და ასე, ცეცხლის ენასავით მოედო მთელ,,პალატკას’’,ერთი სიტყვით,ვინ ვის,სად
და რატომ ურტყამდა,არავინ იცოდა.
ჩვენ გარედან ვხედავდით ამ ყველაფერს
და იმასაც,ეს ცეცხლის ენა როგორ იწევდა ჩვენკენ.დავიძაბეთ და უკვე ვეხვეწებით შემთვრალ
კაცებს,დროზე გავაღწიოთ ამ ჯადოსნური წრიდან,მაგრამ ენანებათ პურმარილის დათმობა და
ითრევენ ფეხს.სხვებთან ერთად მეც გაფაციცებული ვუყურებ ამ ყველაფერს და ვხედავ,როგორ
ჩაიხვიეს და დაუწყეს ცემა ოჯახის პატრონს,ვის პატივსაცემლადაც ჩვენ იქ ვიყავით,როგორ
მიაყოლეს ზედ აკივლებული დიასახლისი,როგორ გადმოხტა დედ-მამის დასახმარებლად თავმომწონე
ნეფე,რომელმაც ერთი-ორჯერ გაიქნია ხელი და მეტი არ აცალეს,შემოახიეს საქორწინო კოსტიუმი
და დაუშინეს,ამას მოჰყვა გააფთრებული მეჯვარეების ჩათრევა ბრძოლაში და წამის მესედში
ისინიც ამ ბრბოში ჩაიკარგნენ,ერთი სიტყვით,ვეღარავინ აკონტროლებდა ვერც საკუთარ თავს
და ვერც სიტუაციას.
აი,ჩვენ რომ წამოგვახტუნდა და შორიახლოს
მდგომი ,,იკრასუსისკენ’’ გაგვაქცია აღრიალებული
და აკივლებული პატარძლი იყო,რომელსაც ზედ ჰქონდა მომხობილი ტორტი და ეს თავპირზე კრემბისკვიტჩამოწუწული ისე იბრძოდა ,როგორც დაჭრილი
აფთარი.
ძლივს მივასწარით მანქანამდე,ავცვივდით
და ავუყვირდით მძღოლს, არიქა,მოგვდევენ,დაკეტე კარებიო. გეფიცებით,მართლა მოგვდევდნენ,ვინ
და რატომ ახლაც არ ვიცი.ეტყობა გამოქცეულები შეგვამჩნიეს რომელიმე ბრბოდან და იფიქრეს,ესენიღა
დარჩნენ და უნიშნოდ როგორ გავუშვათო და მოგვდევდნენ საცემრად.კარის დაკეტვა იყო და
მოადგნენ ავტობუსს,დაუშინეს წიხლები გარედან,ჩამოდით დაბლა თქვენი
ასე და ისეო.არიქა,დაძარი მანქანაო,ვიყვირეთ ყველამ ერთად და ფრენით წამოვედით იქიდან.
სამშვიდობოს რომ გამოვედით,მძღოლს
გავაჩერებინეთ ავტობუსი,ჩავედით და კარგა ხანი მოვუნდით სუფთა ჰაერზე ჯდომასა და გონზე
მოსვლას,თან ხელაპყრობილები მადლობას ვწირავდით უფალს,გადარჩენისათვის.
პ.ს.მეორე დღეს ისევ შევიკრიბეთ თანამეინახენი,ოღონდ
სოფლის სალოცავთან და ჩვენხელა სანთლები ავინთეთ.
7.12.2019წ.
Comments
Post a Comment