Skip to main content

ჩემი ბავშვობისდროინდელი ,,საქმის გარჩვა''


 რაღაცნაირად მომინდა ეს ამბავი ზღაპარივით დამეწყო,ჰოდა,რადგან მომინდა,დავიწყებ. 
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა,იყო ერთი ფრიად საინტერესო ოჯახი,რომელიც ჩემს სოფელში ცხოვრობდა.ისინი გაღმა ცხოვრობდნენ,ჩვენ გამოღმა. სოფლის შარა გვყოფდა ერთმანეთისგან. დაჰკრავდი აქეთ ფეხს და უკვე იქით  იყავი,ამიტომაც ხშირად ვსტუმრობდი მეორე  მხარეს და მით უფრო ამ ოჯახს,რომელშიც მოხუცი ბებია,მამა,დედა და ოთხი შვილი ცხოვრობდა.
ამ ოთხი შვილიდან ორთან  სულ ხლჩართული ომი მქონდა,რას ვერ ვიყოფდით,მახსოვს, ისიც მახსოვს, ხშირად მჯობნიდნენ,რადგან ორნი იყვნენ,მე კი -მარტო და  მიშვებდნენ გამოღმა  აღრიალებულს, თან მემუქრებოდნენ,თუ კიდევ გამოხვალ,უარესს გიზამთო  გოგომ,რომელიც ჩემზე ერთი წლით იყო პატარა,ისეთი გინება იცოდა, მას შემდეგ  აღარავისგან   მსმენია. ხომ მცემდნენ,მაგინებდნენ,მაგრამ ეს ისე არ მწყინდა,როგორც ის, ტილიანს თუ დამიძახებდნენ. ასე რატომ მიმქონდა გულთან,არ ვიცი, არასოდეს ვყოფილვარ  ტილიანი,დედა და ბებია ამას როგორ  დაუშვებდნენ,ბევრიც რომ მდომოდა,თუმცა ფაქტია,  არც ეს გამდევდა დიდ ხანს,რადგან მეორე თუ არა მესამე დღეს ისევ იქ ვიყავი დარჭობილი და თუ შემაგვიანდებოდა,თვითონ მორბოდდნენ ჩემთან,ან გაღმიდანვე მეძახდნენ და მეპატიჟებოდნენ.
 ძმა, ამ ოჯახის ერთადერთი მემკვიდრე, ჩემი კლასელი იყო და ისეთი რთული ხასიათი ჰქონდა,ვერავისთან რიგდებოდა,ამიტომ მერხთანაც მარტო იჯდა. გახსოვთ, ალბათ, ჩვენი დროის მერხები,ხისა და გადაბმულები,ერთ სკამზე ხომ თვითონ იჯდა,მეორეზე ჩანთა და ქუდი  ედო,ჩვენი ისტორიის მასწავებელი ეტყოდა ხოლმე,სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი ხარ, შვილოო (რატომ,ამას თავად მიხვდით,მე წერა მეზარება  ) ხშირად უთაქუნებდა თავისზე პატარებს.ერთხელ ჩემი ძმაც მოიმწყვდია და ის იყო,უნდა აეღრიალებინა,რომ მივუსწარით მე და ჩემმა დამ და იქით მოხვდა ყურებში. მართალია,მეორე დღესვე   გადამიხადა სამაგიერო,მაგრამ ახლოს ვეღარ მობედა,შორიდან აგინებინა  დას, თვითონ კი  ტილიანი მეძახა,  მაგრამ მერე რა,მეც ვისწავლე ჭკუა და ყველა ,,ბრძოლის ველზე’’ დასთან ერთად დავიწყე სიარული ,ჩემი და  კი უმამაცესი იყო ამ საქმეში და,თქვენ წარმოიდგინეთ,ერთად ვიცავდით არა მხოლოდ საკუთარ ღირსებას-სხვებისასაც, ერთი სიტყვით,ყველა მათგან დაჩაგრულის ქომაგად ვიქეცით, თუ ვინმეს რამეს გაუბედავდნენ,მაშინვე ჩვენთან მორბოდნენ და ჩვენც უმალვე ,,აღვადგნდით სამართლიანობას ‘’.
   ახლა რომ ვფიქრობ,ვაანალიზებ და პარალელს ვავლებ  თაობებს შორის,თვალნათლივ ვხედავ,რამხელა სხვაობაა.ჩვენს ჩხუბში არასოდეს ჩარეულან უფროსები და თვითონ ცნება ჩხუბიც კი პირობითი იყო.არასოდეს გაგვიმეტებია ერთმანეთი ცუდისთვის,აბა მეორე წუთას როგორღა ვიყავით ერთად,როგორ ვიყოფდით ლუკმას.ერთი სიტყვით,ჩვენი ,,საქმის გარჩევა’’ არასოდეს გადასულა ზღვარს,უბოროტო იყო ჩვენი ურთიერთობა და საკმარისი იყო, რომელიმე ჩვენგანს დასჭირებოდა,გვერდით ვედექით.არასოდეს დაგვისახიჩრებია ერთმანეთი არც შეგნებულად და არც შეუგნებლად.ახლაც რომ ვხვდებით ერთმანეთსა და ვიგონებთ ბავშვობას,გვენატრება ის წლები და მივტირით,მთელ რიგ ონავრობაზე კი ვიხოცებით სიცილით .
 პ.ს. რატომ მოვიგონე  ჩემი ბავშვობის ეს ეპიზოდი და რატომ დავწერე?! რატომ და ახლაც ასეთი გულღია და უბოროტო ურთიერთობები მინდა,ერთმანეთის გატანა და სიყვარული მინდა.არ მინდა, ჩვენი შვილები  ერთმანეთს მიზეზით  და, მით უფრო,   უმიზეზოდ  იმეტებდნენ,არ მინდა ერთმანეთს   დანას უყრიდნენ, თანატოლს,ან ზოგადად,ადამიანს,კლავდნენ. არ მინდა ფსიქიკურად დამახინჯებული,გაბოროტებული მომავალი,მე სიყვარული და ამ სიყვარულში აღზრდილი გოგო-ბიჭები მინდა და მემეტება  ჩემი ქვეყნის მერმისისათვის. ისეთი მომავალი მინდა, სიბერეს თამამად რომ ჩამახედებს  თვალებში, არ მინდა  შემეშინოდეს და მრცხვენოდეს მისი .
7.10.2019წ.




Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...