ჩემი სოფლის შესასვლელს მუხებს უწოდებენ, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან.დიდი მკითხაობა არაა საჭირო,ისედაც ნათელია,რატომ
თუმცა ახლა იმ მუხების ნამუსრევიღაა შემორჩენილი, არადა რა რკოს ისხამდნენ ის დალოცვილები?! სოფლის ღორების სიგრძე –სიგანეზე აისახებოდა კარგად
გზის მეორე მხარეს კი შავი კუნელის ხეებია ჩარიგებული,მართალია, ახლა ნახევრად გამხმარია,მაგრამ ჯერ კიდევ ყოჩაღად უჭირავთ თავი..ჰოდა,მთელი ბავშვობა ხან ამ მუხის ხეებზე დავბღოტიალობდით და ხანაც კუნელის ეკლიანი ტოტები გვკაწრავდნენ,გააჩნდა სეზონს,განწყობას და ამინდს...თუ ცხელოდა და დაჭერობანას თამაში გვინდოდა მუხის ხეებზე დავძრომილაობდით,რადგან ტოტებიც განერი ჰქონდა და ჩრდილიც საამო..თუ შემოდგომა იყო,მაშინ კუნელზე ვიყავით შესეულები,ვკრეფდით ჯერ კიდევ შემოუსვლელ კუნელს და ისე გემრიელად გეახლებოდით, შორიდან დამნახავი იფიქრებდა,მოკლეზე ებნენ და ახლაღა აუშვეს საწყლებიო
ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა,ვისაც ხეზე ასვლის და ჩამოსვლის,იმ ეკლიან ხეებზე კუნელის მოგროვების და იქვე ჭამის თავი ჰქონდა,ყველა იქ ვიყავით...
მერე დავიზარდეთ და შორიდანღა ვუთვალთვალებდით,დაბლიდან რასაც მივწვდებოდით,ეგ იყო და ეგ...აღარ შეგვშვენოდა იქ ძრომიალი,ყველას თითო პირი შეყვარებული გვყავდა უკვე და სინაზე გვმართებდა,ვიცოდით
ამასობაში,ერთი გოგოც გაგვითხოვდა,ჩემზე 3–4 წლით უფროსი,(ერთ–ერთი მთავარი ''მემუხე'' და ''მეკუნელე''
) ერთ დღესაც გავიგეთ,რომ ეს გოგო ქმრით,მამამთილ–დედამთილით,მულ–მაზლებით და კიდევ სამასი რჩეული ცხენოსნით(ისემც იმას რა ვუთხარი,რაც იმას ცხენოსნები არ ხლებია
) უკან ბრუნდებოდა,სამშობლოში(ფეხის საბრუნებლად) ჰოდა,ჩვენც,მისი ''საძმო–სამეგობრო,'' სად უნდა დავხვედროდით,თუ არა კუნელის ხეებთან(შემოდგომა იყო და ბლომად ესხა იმ დალოცვილს)..მოვიდა ავტობუსი(პაზიკი
) ჩამოლაგდნენ და რა ჩამოლაგდნენ ამ გოგოს ქმარ–მაზლ–მულ–დედამთილ–მამამთილ–დეიდაშვილ–მამიდაშვილ–ბიძაშვილ,ქვისლიშვილ–მეზობლიშვილ–ვირიშვილები (რა ვიცი,ყველა იქ იყო,ვისაც წამოსვლა არ დაეზარა
) (ვერ გეტყვით,ავტობუსით რატომ მოვიდნენ,რატომ არ მოვიდნენ მანქანებით,ეტყობა მაშინ ''პაზიკები'' იყო მაგარ ''ცვეტში'',თორემ ამდენ ხალხს კიიი შეეძლო, ერთი ვერტმფრენი თუ არა ''ტარტალიოტი'' მაინც ეყიდა
)... ამ ამბის კულიმინაციასაც გეტყვით ბარემ და ამით დავამთავრებ
ამ გოგომ (მის გვარ–სახელს შეგნებულად არ ვასახელებ), ჩამოდგა თუ არა ფეხი ავტობუსიდან,არც აცია,არც აცხელა,შლიგინით აგვიარა გვერდი(არადა როგორი საპატიო მასპინძლები ველოდით?!
) და შეახტა პირველსავე კუნელს,კარგად რომ შეიმაღლა,მერე იქიდან გადმოსძახა ქმარს:რომო,ამო (ამოდი)კუნელი ვჭამოთო...
ეე,რომოს იქ დღე დაადგაა...
მტერს არ ვუსურვებ,აღარ იცოდა,რა ექნა საწყალს,ცოლი ჩამოეყვანა ხიდან თუ აბობოქრებული დედამთილ–მულ–მაზლ–მამამთილ და კიდევ იმათი ''მთილები'' დაემშვიდებინა
ერთი სიტყვით,მაგარი აბიდუბია იყო...ბოლოს კი,მადლობა ღმერთს,ყველაფერი კარგად დამთავრდა და ეს ჩვენი გოგო გაოგნებულმა მაყრებმა იქვე არ მიატოვეს, როგორც იქნა, ხიდან ჩამოსვეს და სახლში წაიყვანეს...
P.S.ჩვენ რაა?! ჩვენი ხეირი ის იყო,რომ კარგად ვიმხიარულეთ და თანაც გავითვალისწინეთ იმ გოგოს შეცდომა,ისე კარგად,რომ როცა გავთხოვდი,მე პირადად,გეფიცებით,არც კი გამიხედავს იმ კუნელის ხეებისკენ
( პრინციპში,არც ''პაზიკით'' მივსულვარ
) (ვერიკო სებისკვერაძე,ციკლიდან ''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების'') 
6.12.2014წ.



















6.12.2014წ.
Comments
Post a Comment