Skip to main content

მოერიდე გაგიჟებულ ზღვასაო,დააკვირდი გაშიშვლებულ ხალხსაო(ჩიქორთული ანდაზა)


ერთი,,მახინჯური’’თვისება მაქვს,ამოვიჩემებ ადამიანს ან ადამიანებს,ვაკვირდები ჩემთვის,ჩუმად და ვხალისობ.ამოჩემების რაღაც ჩემეული პრინციპი არ გამაჩნია,ისე,უბრალოდ,შევხედავ და თუ რამე არ მომივიდა თვალში,ან პირიქით-მომივიდა,ვიწყებ დაკვირვებას,ვუმოწმებ მანერებს,სიტყვა-პასუხს და ვნეტარებ. დაკვირვების ობიექტი შეიძლება აღმოჩნდეს ქალი,კაცი,მოზრდილი თუ მოზარდი.ერთი სიტყვით სქესს და ასაკს მნიშვნელობა არა აქვს.
ჯერ ჩაცმულ ადამიანს რომ აკვირდები რა საინტერესოა და ახლა წარმოიდგინეთ ნახევრად შიშველ ადამიანზე დაკვირვება რა იქნება.  ნუ იფიქრებთ,ქუჩაში დავდევდე ადამიანებს,ან სახლში ვუვარდებოდე.არა,მეგობრებო,თავისით მოდიან. ახლა მოგეხსენებათ ზღვის სეზონია და პლაჟზე იმდენი შიშველი გადარეული დადის,გინდა დადექი,გინდა დაჯექი, გინდა წამოწექი და დააკვირდი,შენი რა მიდის ,მეც ხომ მოცლილი ვარ ამ დროს,ასე,რომ დროის ლიმიტი შეუზღუდავია,მთავარია გეკეთოს მუქი სათვალე და ისეთი სახე გქონდეს,თითქოს ინერტული ხარ ყველასი და ყველაფრის მიმართ ,უყურე შორს სივრცეს, ოღონდ იმ არეალში იყოლიე დაკვირვების ობიექტი.(ეს იმათთვის,ჩემს ,,მახინჯურ’’თვისებას თუ აიტაცებენ  )
ჰოდა,აი,დღეს, ჩემი ,,საზღვაო დასვენების’’მესამე დილას,როგორც მჩვევია, უთენია გავედი ზღვასთან სამუსაიფოდ. მეგობრებმა იციან,ჩემი ამბავი,ანუ ის,რომ ზღვა უზომოდ მიყვარს და ისე ვესაუბრები,როგორც ცოცხალ ადამიანს,ხან ვუმღერი კიდეც(ჩემი ხმის მზემა)  მაგრამ,სამწუხაროდ,ამ დილით ზღვა ვერ იყო კარგ ხასიათზე,ეტყობოდა წუხელ ცუდი რამ ეზმანა.ერთი სიტყვით,არ გამიკარა,ჰოდა,აბა სხვა რაღა დამრჩენოდა,ვიჯექი ნაპირზე და,,ვაწარმოებდი დაკვირვებას’’
პირველი ვინც მიზანში ამოვიღე ასაკოვანი მამაკაცი იყო, ჩემი ყურადღება იმით მიიქცია,რომ ამ გაცეცხლებულ ზღვასთან მოინდომა გათამაშება და შესვლა დააპირა,ზღვამ ორი მსუბუქი ტალღით ანიშნა,მომეშვიო,ამ კაცმა,რა თქმა უნდა ვერ გაიგო,ჰოდა,ადგა ეს ჩემი ზღვა და ისეთი ტალღა მოუვლინა,სამი ყირა გადაატარა,ფეხებიც ააშვერინა მაღლა და მლაშე წყალიც ბლომად აყლაპა.კაცი არ დანებდა და იქვე,ერთი ტალღის იქით, თავისი ჭკუით დაიწყო ყვინთვა,გეფიცებით ამდენი კარგა ხანია არ მიცინია, ახლა ვეცდები აღვწერო და პრაქტიკაულადაც შეგასრულებინოთ, თუ გამომივა,გამიხარდება  აიღეთ ორივე ხელი ,ცერა თითები გაირჭეთ ყურებში,საჩვენებელი თითები მიიჭირეთ თვალებზე და შუა თითები მიიჭირეთ ცხვირის ნესტოებზე და ჩაყვინთეთ(ვითომ,ვითომ)  აი,ასე ყვინთავდა ის კაცი და მე იმხელა ხმაზე ვხარხარებდი,ჩემი მეგობარი გაოცებული მიყურებდა,ხომ არ შეიშალაო,
ეს კაცი მშვიდობით ამოვიდა წყლიდან და იქვე პლაჟზე გაიშოტა ვალმოხდილი.(უი,ხო,ერთი ქოშიც წაართვა წყალმა და იმ ქოშს რომ ეძებდა ლამის გული წამივიდა,ისეთი სასაცილო იყო  )
ახლა ერთი შუახნის ქალი, მძიმეწონოსანი, შეითრია ზღვამ აფორთხიალა, დაღალა და რომ არ მიშველებოდნენ,იქვე ნაპირზე დააღრჩობდა,სიმართლე გითხრათ,ამაზე არ მიცინია,ცოტა არ იყოს შემეშინდა და შემეცოდა.აქ ჩემმა მეგობარმა იმარჯვა, წყლიდან ამოსვლის სტრატეგია აუხსნა და ხომ იცით, შიში რა ოხერია,წამიერად აითვისა ამ ქალმა.მერე კი დიდხანს იჯდა საწყალი და პირჯვარს იწერდა .
ჩემს მეორე მეგობარს ძილი უყვარს პლაჟზე, წეღანაც მეხვეწებოდა,მოდი რა, აქ ნუ დავიძინებთ,ზღვის პირას დავიძინოთო,ამას ნება რომ მისცე,შეიძლება საბან-ლეიბიც იქ ჩაიტანოს და დაიდოს ბინა.ჰოდა,აი,დილასაც,რომ გაიშხლართა და დაიძინა,უწია ერთმა დიდმა ტალღამ და მძინარეს ზედ თავზე გადაევლო,ისეთი გამეხებული სახით წამოხტა,მივხვდით,ჩვენი ნამოქმედარი ეგონა და უკვე გასაქცევს ვეძებდით,ბედი ჩვენი მალე მიხვდა, რომ ზღვა იყო და იქვე არ მიგვასიკვდილა.
დილის ამბავი ხომ მოგიყევით,ახლა მივდივარ და საღამოს ამბავსაც ჩაგიკაკლავთ, ვიდრე დავიძინებ.
პ.ს.უფრო მაგარი სასაცილო რა იქნება იცით?! მე რომ სხვებს ვაკვირდები,ამ დროს სხვები მე რომ მაკვირდებოდნენ და მხიარულობდნენ. რას ვერჩი,კი იქნება ალალი და ახი.
25.06.2018წ.გონიოსა შინა.

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...