ზოგადად სოფლელი ბავშვის ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანია,დღის განმავლობაში ყველაფერი უნდა მოასწროს,ოჯახში მასზე მინდობილი საქმეც უნდა გააკეთოს,მშობლებსაც დაეხმაროს,თუ საჭიროა მეზობლებსაც და არც ტოლ-ამხანაგებთან გართობაზე თქვას უარი.საღმოს კი სოფლის კლუბში წასვლაზეც უნდა ,,ეღრიჯოს’’მშობლებს,რადგან მაშინდელ უფროსებს მიაჩნდათ,რომ ყოველ ღამე კინოში სიარული,უსარგებლო და სახიფათოც კი იყო.
ჩვენი სოფლის კლუბში კი,რომელიც ორი სოფლის გასაყარზე იდგა და ოთხი სოფლის ახალგაზრდებს იტევდა,ყოველ საღამოს გადიოდა ფილმი.კინომეხანიკი ვაზგენა დილიდანვე გამოაკრავდა ხოლმე აფიშას და გვამცნობდა ფილმის სათაურს,დაწყების დროსა და ადგილს,(ერთხელ ბიჭებმა უთხრეს, აფიშაზე დროს რომ აწერ,რად გინდა,დააწერე ნახირის მოსვლის,ძროხების მოწველის და ყველის ამოღების შემდეგ,ყველასთვის მისაღები იქნებაო.)ძირითადად ინდური ფილმები გადიოდა,ერთი სიტყვით,ინდურ-ბოლივუდურ ჰანგზე ვართ გაზრდილები. დღის განმავლობაში აუარება საქმის გამკეთებლები,საღამოს დედას მივადგებოდით და ვთხოვდით,გავეშვით კლუბში,დედა მამასთან გადაგვამისამართებდა,მამა გვეტყოდა,აბა ვინ მიდის თქვენ მეტიო და ჩვენც იძულებულები ვიყავით მეგობრები მოგვეყვანა მოწმეებად. მერე იმ მოწმეებს ჩვენ ვუდგებოდით მოწმეებად, ბოლოს ან გვიშვებდნენ,ან -არა. ვიდრე პატარები ვიყავით,გვეუბნებოდნენ,რა დროს თქვენი კლუბში სიარულიაო,როდესაც წამოვიზარდეთ,რაღა დროს თქვენი კლუბში სიარულიაო.არ ვიცი,ეს კარგი იყო თუ ცუდი,მაგრამ ერთი ფაქტია,ზომიერების მომხრე ვარ ყველაფერში,თუმცა ეს ზომიერება ხშირად ირღვეოდა,ხან ასე და ხანაც ისე.მშობლებს ყველაფერი თავისებურად ესმოდათ,როგორც დიდებს შეეფერებათ,რას გაუგებ ამ უცნაურ კატეგორიას. ეს ჩვენი,, კინომეხანიკი’’ვაზგენა,ცოტა დაბნეული კაცი იყო, დალევაც უყვარდა,ამიტომ შეცდომაც ხშირად მოსდიოდა,ერთხელ ფილმი მოიტანა,,ვიკინგები’’,ეტყობა ცოტა გადაკრულში იყო,როცა აფიშას წერდა და ვიკინგების მაგივრად ვიკბინები დააწერა,აი,ეს იყო შემთხვევა,როცა მთელმა სოფელმა იხუვლა(უფროსები გვასწრებდნენ უმცროსებს) და ერთსულოვნად დაესწრო კინოსეანსს.როცა იქ კბენისა,ღრენისა და გლეჯისა ვერაფერი ნახეს,ერთი კარგადაც აგინეს ვაზგენას,რაში გადაგვაყრევინე ფულიო. ერთხელ ფილმის ლენტი შეცდომით ჩადო და ეკრანზე კადრი ყირამალა გავიდა,ამან დიდი დაბნეულობა გამოიწვია,თუმცა გამოჩნდა ვიღაც გონიერი და ხმამაღლა დაიძახა,არიქა,ჩვენც ყირამალა დავსხდეთო.დიდი ბრძოლის შემდეგ ფირი ამოაბრუნა ვაზგენამ,რადგან ყირამალა დაჯდომა ყველამ ვერ შეძლო და როგორც იქნა გავედით ბოლოში. ერთხლ ერთ ადამიანს იმდენი სუნამო,,შიპრი’’ესხა,ვიდრე ფილმის ბოლოში გავედით,ხუთჯერ გაანიავეს დარბაზი,ბოლოს მიხვდნენ თვითონ ის ადამიანი გაეგდოთ და ასეც მოიქცნენ.ფილმი რომ ხშირად წყდბოდა და იყო ერთი ალიაქოთი,ეს კიდევ ცალკე თემაა. ვისაც სკამები არ ჰყოფნიდა,პირდაპირ სცენაზე იწვა,დაჯდომა არ შეიძლებოდა,მსხდომებს მოეფარებოდა. არ ვიცი,ის დრო სჯობდა თუ ეს,მაგრამ ახლა,როცა ამ გადასახედიდან ვიხსენებ ყოველივეს,ძალიან მენატრება ჩემი სოფლის კლუბი, რომელიც აღარ არსებობს.ჩემს თანასოფლელებთან ერთად ნანახი ყველა ფილმი,რომელთა უმეტესობაც შემომეცალა.ის წუწუნი და ხვეწნა, ყოველ საღამოს რომ გვიწევდა მშობლებთან,განსაკუთრებით მამასთან,რომელიც დიდი ხანია აღარ მყავს,მენატრება ყველა და ყველაფერი,რაც ჩვენ გარშემო იყო, რაც იმ წლებთან მაკავშირებდა.(თქვენ წარმოიდგინეთ ვაზგენაც კი.) ერთი სიტყვით,ჩემი ბავშვობა მენატრება,რთული,მაგრამ ამავე დროს მარტივი,მკაცრი,მაგრამ ამავე დროს ჰუმანური,თბილი,მოსიყვარულე ადამიანებით სავსე. პ.ს.ვისაც სოფლელობა,, გრეხი’’ ჰგონია და სოფელში გაზრდილი ბავშვი,,სოფლელი’’. მან არაფერი იცის, არაფერი უნახავს და, მერწმუნეთ,ვეღარც ნახავს. 23.07.2019წელი |
ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...

Comments
Post a Comment