Skip to main content

ქორწილი და დაბნეული მძღოლი.


ქორწილი თავისთავად დიდი ბედნიერებაა,მაგრამ თუ ეს ქორწილი შენი ახლობლების,შენთვის ძვირფასი ადამიანებისაა,სიხარული და ბედნიერება ათმაგდება.ორი კვირის წინ ძმისშვილის ქორწილი გვქონდა,თბილისში,კერძოდ,მუხიანში,ერთ–ერთ რესტორანში და,რა თქმა უნდა,ყველამ მოიყარა თავი.ქორწილმა დიდებულად ჩაიარა და ამის  არაერთი ამსახველი ფოტოც გამოვჭიმე ჩემი საიტის გვერდზე.იქ სითბოსა და სიყვარულის გაცვლა–გამოცვლის გარდა არაფერი მომხდარა.იმდენად მონატრებული გვყავდა ერთმანეთი,იმდენად ბედნიერები ვიყავით. საინტერესოც და სახლაფორთოც მგზავრობა გამოდგა.ჰოდა,მინდა ამაზე გიამბოთ.ჩემებმა სოფლიდან დამირეკეს და მითხრეს, რაღა ცალ–ცალკე  ვიაროთ,ერთად წავიდეთ,ჩვენი თანასოფლელის სამარშრუტო ტაქსით,მარშრუტკითო,დროც დავთქვით,მოვემზადეთ,შემომიარეს გორში და მე და ჩემი ოჯახიც იქ ჩავბარგდით.ყველა, იქ მსხდომი,ჩემი სისხლისა და ხორცის ნაწილი,ჩემთვის ძვირფასი იყო.თბილისის შესასვლელამდე ყველაფერი იდეალურად მიდიოდა,მერე ამ ჩვენს მძღოლს აუტყდა წრიალი,არ ვიცი, როგორ უნდა მოვხვდე მუხიანშიო,აბა,ავტეხეთ რეკვა,აგვიხსნეს,დაგვმოძღვრეს უკვე იქ მყოფმა ახლობლებმა და გავაგრძელეთ გზა,მაგრამ რად გინდა,რომ გვგონია,მუხიანში ვართ,ამოვყავით თავი გლდანში. მზღოლი უკვე დარბაზს ეძებს,თავისი ჭკუით.მივდივართ და გავიძახი,ხალხოოო,არა ვართ მუხიანში,გლდანში ვართ,ადგილები მეცნობა–მეთქი.(ერთი წლის წინ ახლობელს სიძე გარდაეცვალა და იქ ვიყავით სამძიმარზე,კორპუსს ვერ ვპოულობდით და იმ ადგილს  ხუთჯერ მაინც დავარტყით საპატიო წრე.ასე,რომ უკვე ზეპირად ვიცოდი). ბოლოს დამიჯერეს და კიდევ ერთხელ გადარეკეს,იქიდანაც უთხრეს,გლდანში ხართ,უკან წამოდით და ამა და ამ ადგილზე გადაუხვიეთო(დაახლოებით ხუთი კაცია უკვე ამ საქმეში ჩართული.) სხვა რაღა გზა გვქონდა,სამი საპატიო წრის დარტყმის შემდეგ ,გამოვბრუნდით უკან და რაღაცა სასწაულით ამოვყავით თავი მუხიანში,მერე ღვთის წყალობით,იმ დარბაზსაც მივაგენით,ერთი ფეხით მივასწარით ნეფე–პატარძალს(დაახლოებით სამი საათი ვიბოდიალეთ გზაში).მზღოლი გულს  არ იტეხდა,ყოჩაღად იყო,მაგრამ ბოლოს მაინც გამოტყდა,პირველადა ვარ მანქანით თბილისში და თქვე კაი  ხალხო,ვინმე ისეთი დამჯდარიყავით,გზა რომ გცოდნოდათო.(არ ტყუოდა ნამდვილად).რამდენჯერმე კი ვუთხარი,ნახევრად ხუმრობით,ბიჭო,კარგად დაიმახსოვრე,როგორ შემოვედით,უკან დაბრუნებულებს,თანაც უკვე სიბნელეში,არსად ამოგვაყოფინო თავი მეთქი.ისე აგხდენოდეთ ყველაფერიკარგი,როგორც  ეს ნათქვამი  ამიხდა.
   დაახლოებით 11 საათზე,ისევ მოვიყარეთ თავი  მარშრუტკაში და წამოვედით.წამოვედით და ვაი იმ წამოსვლას.გამოსვლამდე კი ვკითხე მძღოლს,გზები ხომ დაიმახსოვრე,ხომ არაფერია პრობლემა–მეთქი,რას ამბობო–იწყინა. ერთი სიტყვით,ბევრი ვიარეთ თუ ცოტა(ერთი  ზღაპრისა არ იყოს),აღმოვჩნდით სადღაც უკუნში,არც დასახლებული პუნქტი,არც მანქანების მოძრაობა,არც ქუჩის ლამპიონები.ვიყურები და ვხედავ,რომ თბილისი სადღაც მარჯვნივ მოჩანს ოდნავ(განათებით ვხვდები)  კიდევ ვეუბნები ამ ჩვენს მძღოლს,სწორად მიდიხარ?ნამდვილად ასეა გორისკენ მიმავალი გზა–მეთქი? თავიდან რიხიანად მპასუხობდა,კიი,ზუსტად ვიციო,მაგამ ცოტა ხანში ხმაც გაებზარა და მივხვდი,გაგებაში არ იყო,სად მიგვაქანებდა,შემეშინდა ცოტა, რადგან მანქანაში სულ ქალები   და ჩემი ორი წლის შვილიშვილი ვიყავით(მძღოლს თუ არ ჩავთვლით).მანქანა,რომ გაფუჭებულიყო და საშველად ვინმესთვის დაგვერეკა,ვერც ავუხსნიდით,სად ვიყავით და როგორ მოეგნოთ.ამიტომ,კატეგორიულად მოვთხოვე ,მოებრუნებინა მანქანა და ისევ უკან დაბრუნებულიყო.კი იჭიჭყინა(ჯიში აქვთ ეგეთი) მაგრამ მობრუნდა,თბილისი რომ გამოჩნდა,შვებით ამოვისუნთქეთ.თბილისი დავინახეთ და ყველა მოვედით ხასიათზე,მერე ერთგან ბენზინ გასამართი სადგური დავინახეთ და როგორც იქნა,ჩავაგზავნე მძღოლი,ეკითხა სად ვიყავით და საით იყო გორი.მე მარშრუტკიდან გავძახე,იქ მყოფ ასაკიან მამაკაცს,ძია სად ვართ–მეთქი და მითხრა,მალე აზერბაიჯანში გადახვალთო .
ერთი სიტყვით,ლამის მოვკალი ეს ჩვენი დაბნეული მძღოლი.იმდენი ვეშაყირე,გამწარდა და მითხრა,ახლა თავი დამანებე,თორემ,მოვხსნი საჭეს,გადავიკიდებ მხარზე და რომ დავეშვები,წადით და მეძებეთო.  მივხვდი,იყო გამკეთებელი და რაც შემეძლო,ვუყვავე,მართლა არსად დაგვყაროს–მეთქი ჩემს თავს აღარ დავეძებდი,ბავშვები შემეცოდნენ,თანაც ხომ გითხარით,რომც დამერეკა,ვერ ავუხსნიდი,სად ვიყავით  ბოლოს,ერთ გზაჯვარედინზე,ისევ მე ვაიძულე, გაჩერებულიყო და იქვე მდგომი მანქანის მძღოლს შეკითხოდა,როგორ გამოგვეღწია იმ ჯადოსნური წრიდან. 
თერთმეტ საათზე მუხიანიდან წამოსულებმა ღამის ორი საათისთვის ჩამოვაღწიეთ გორში,გეფიცებით,ახლაც  არ ვიცი,სად გვატარა,აღარც მაინტერესებს,მთავარია მშვიდობით ჩამოვაღწიეთ. 
P.S.ერთი სული მაქვს,კიდევ როდის მიმიწვევენ  ქორწილში,რა სჯობს ოლეგასთან ერთად,,უგზო–უკვლოდ ქროლას’’ 

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ...