Skip to main content

ვისი სახელიც მქვია.


ჩემს მოსახელე ბებოს-ვერიჩკა ლომიძეს, არ ვიცნობდი,მისი სახე ერთადერთმა სურათმა შემომინახა,ლამაზი ქალი
ყოფილა,შავგვრემანი,შავი შუაზე გადაყოფილი თმითა და ასევე მაყვალივით შავი თვალებით. აღვიქვი თუ არა სურათზე მისი სახე,მაშინვე მომეწონა, უფრო ზუსტად,შემიყვარდა, რადგან რაღაცნაირი სითბო მოდიოდა მისგან,აი ისეთი, სულში რომ ჩაგწვდება და გემშობლიურება.
მაშინ ბავშვი ვიყავი და ბოლომდე,რა თქმა უნდა,ვერ ვაცნობიერებდი,რატომ მინდოდა, საათობით ვმდგარიყავი მის სურათთან და დავკვირვებოდი, ერთი რაც მაშინ აღმოვაჩინე, ის იყო,რომ ოთხი დედმამიშვილისგან მხოლოდ მამაჩემი ჰგავდა დედას,მამიდა და ორი ბიძა კი მამას,შაშა პაპას,რომელიც ცისფერთავლება თეთრგვრემანი კაცი იყო, ხოლო ახლა,უკვე დიდმა, ვიცი,რომ ასეთი მიჯაჭვულობა მის სურათთან იმ საერთო ძაფის თუ ჯაჭვის არსებობა იყო,რომელსაც ჯიშ-ჯილაგს,სისხლსა და ხორცს ეძახიან.
როცა ბებო გარდაიცვლა,მამა უცოლო იყო,თანაც ჯარში,გვიან გააგებინეს,ვერც ჩამოვიდოდა,იქ,სადღაც შუაგულ რუსეთში-ომსკში მსახურობდა,ხოლო,როცა წერილი მიუღია სახლიდან და დედის სიკვდილი გაუგია, ისე განუცდია,ერთი კვირა სიცხეს ვერ უგდებდნენ თურმე.მამას უზომოდ უყვარდა დედა,ისე ძალიან,რომ მასზე ლაპარაკი უმძიმდა,ხოლო როცა საუბრობდა, გაუსაძლისი სევდა და ტკივილი უდგებოდა თვალებში,ერთს კი ხშირად მეეუბნებოდა,შენ ისეთი ქალის მოსახელე ხარ,უფლება არა გაქვს ცუდი ადამიანი გაიზარდოო.
ერთია როცა მამა გიყვება საკუთარ დედაზე და მეორეა,რას ამბობენ სხვები.არასოდეს დამავიწყდება ისტორიის ის გაკვეთილი,როცა ჩემმა მერაბი მასწავლებელმა დაფასთან გამიძახა და გაკვეთილი მომაყოლა, დამატებითი კითხვებიც დამისვა, ყველაფერზე ყოჩაღად ვუპასუხე, მერე ახლოს მოვიდა,თავზე გადამისვა ხელი და მითხრა: შენ არ იცი,როგორი კარგი ქალის სახელი გქვია,ვერიჩკასნაირი ქალი ამ სოფელში კი არა, ხეობაში არ დაიარებოდა,კეთილი,მოსიყვარულე,რომ მივიდოდით ბავშვები მათთან,ხომ ომი და გაჭირვება იყო,მაინც არ გამოგვიშვებდა ხელცარიელს,თავისი შვილების მჭადს გაგვიყოფდა,გადანახული თუ რამე ჰქონდა,გვიწილადებდა,მოგვეფერებოდა,დაგვლოცავდა ,თან გაგვამხნევებდა:ახლა ეს ცოტა იკმარეთ,შვილებო და რომ გავმდიდრდები,ყველას ახალი სამოსი და ფეხსაცმელი უნდა გიყოდოთო.იუმორი ჰქონდა საოცარი,სულ რომ არაფერი,ენით მოგარჩენდა.გაგინათლოს ღმერთმა იმ კარგი ბებოს სული და შენც ვინძლო,მისი სახელის ღირსეული გამგრძელებელი იყოო.
საუბრის დროს არც მე მიყურებდა და არც ჩემს მეგობრებს,სადღაც სივრცეში ჰქონდა გაშტერებული თვალი,თითქოს თავისთვის ლაპარაკობდა და იხსენებდა ტკბილ-მწარე წარსულს, წარსულიდან კი იმ კონკრეტულ ადამიანს,რომელმაც კვალი დატოვა მის ცხოვრებაში , ამ კვალის დამტოვებელს კი ჩემი ბებო ერქვა.
როგორი შეგრძნება დამეუფლა იცით?! თითქოს გავიზარდე, ავიწიე ჯერ ჭერამდე,მერე გავარღვიე კედლები და ავედი ცამდე,მზემდე და ათასფრად მოელვარე სხივებში ჩავიკარგე.ტრიალებდა დედამიწა ჩემ ირგვლივ და ვიყავი უზომოდ ბედნიერი, ამაყი.ზუსტად ვიცოდი,ჩემი მერაბი მასწავლებელი,სიმართლეს მეუბნებოდა,რადგან ტყუილი არ უყვარდა,არც სჭირდებოდა და არც იკადრებდა.
ჩემი ვერიჩკა ბებო ახალგაზრდა გარდაცვლილა... გული გასკდომია,რადგან გულით უტარებია,გულში უტევია,გულით უფიცია,გულით ჰყვარებია და ამდენი ერთ გულს ვეღარ დაუტევია ...
..საწყენია,როდესაც შენს წინაპარზე პირადი მოგონებები არა გაქვს და მხოლოდ სხვისი ნაამბობითა და ერთადერთი შემორჩენილი სურათით იცი,თუმცა საამაყო და სასიხარულოცაა,რადგან სხვისგან გაგებული ბევრჯერ უფრო რეალური, ობიექტური და მიუკერძოებელია.
.სებისკვერაძე
24.08.2019
.

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...