Skip to main content

                                        ჩემი ვასილა პაპა

(მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)

  თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად  ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე.

ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით  ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას.

ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ  კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში.

მე,პატარა ბავშვი,შემსწრე  ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მაგრამ აქ ხელმარჯვედ ვიქცეოდი,ოღონდ არ ეთქვათ,წადი,აქ არფერი გესაქმებაო.

პატარა ტაბლას გაუწყობდა დედა:ხელდახელ მოიხარშებოდა დედალი,გამოცხვებოდა ხაჭაპური,კეცზე დაეკვრებოდა მჭადი,ჭყინტი ყველი,ჯერ ისევ შრატგაუდენილი, თავისით მორბოდა დერგიდან,მწნილი,ვიდრე ქვევრიდან მაგიდამდე მიაღწევდა,ისეთ სურნელს აყენებდა,ნერწყვით გევსებოდა პირი.

მერე პაპა შემოდგამდა ღვინით სავსე დაორთქლილ მურა დოქს და იწყებოდა დიდი ზეიმი, სიყვარულის ახსნა და წარსულის გახსენება.ისინი უფრო მეტს საუბრობდნენ,ვიდრე სვამდნენ, ანდა ჭამდნენ.

მეც,მათ შორიახლოს მიმჯდარი,ისეთი გაფაციცებით ვისმენდი ,რას ამბობდნენ,მეტი არ იქნება.რა თქმა უნდა მამჩნევდნენ,თუმცა არ მიმჩნევდნენ,არაოსდეს დაუშლიათ იქ ჯდომა,არც ბილწი სიტყვა ამოსვლიათ როდესმე პირიდან.

მაშინ ვერ ვაცნობიერებდი,მაგრამ ახლა ვფიქრობ და ვოცდები, ნეტა რა ჰქონდათ ამდენი სალაპარაკო, არადა,ფაქტია,ჰქონდათ.

მე რომ მათ გვერდით საათობით ვიჯექი  და არსად მეჩქარებოდა,ეს იყო საოცარი,ესე იგი,ისეთ საინტერესო ამბებს ჰყვებოდნენ,თავს ვერ ვანებებდი,თუმცა რას-სამწუხაროდ,არ მახსოვს.

რას არ მივცემდი,ახლა რომ დამსვა მათ გვერდით და მომასმენინა,მათი საუბარი.გეფიცებით,უკლებლივ  დავიმახსოვრებდი და ღრმად შევინახავდი გონების ყველა კუნჭულში.

როგორც გითხარით,ვასილა პაპა ხშირად გვსტუმრობდა,მაგრამ გაზაფხულზე ხვნა-თესვა რომ იწყებოდა,დღეები რჩებოდა ჩვენთან და ეს მიხაროდა ყველაზე მეტად.

ვასილა პაპა გუთნისდედა იყო. უღელი ხარი ჰყავდა და ყოველ წელს,გაზაფხულზე,იმ ხარებით გვიხნავდა,გვიფარცხავდა გვითესავდა ყანებს.მეც თან დავდევდი,მიხაროდა და არ მეზარებოდა,შევმდგარიყავი გუთანზე, ანდა ფარცხზე და ხარებთან და უფროსებთან ერთად გამევლო კვალი,ისე მიხაროდა,ისეთი ბედნიერი ვიყავი,ენით ვერ აღვწერ.აი,გუთნისდედა თუ არა,გუთნისდედის თანაშემწე ხომ ვიყავი და მეტი რა მინდოდა.

რატომ მანიჭებდა ეს ყველაფერი ამხელა სიამოვნებას,არ ვიცი,ან რატომ არ ეშინოდთ უფროსებს, არა და სულ თავისუფლად  შეიძლებოდა გადმოვვარდნილიყავი და რამე მეტკინა.მაგრამ,საბედნიეროდ,ეს არასოდეს მომხდარა და როცა საღამოს დედა  ტანსაცმლიდან,ფეხსაცმლიდან,თმიდანაც კი  მიწას მაცლიდა და მბანდა,ისეთი ამაყი ვიყავი,თითქოს მე რომ არა,არც დაიხვნებოდა და არც დაითესებოდა...

მახსოვს,ერთ წელს,ვასილა პაპას ზემოუბნელმა ტაპი-შალა პაპამ სთხოვა,მეც დამიხანი,დამიფარცხე და დამითესეო.უარი არ უთქვამს,რა თქმა უნდა,მეც თან ვახლდი.

 სოფლის წყაროსთან,ფერდობში ჰქონდა ყანა,არ იყო დიდი ფართობი და უცბად დაითესა,მერე შალამ ოჯახში მიგვიპატიჟა,სადილად(არ მახსოვს პირადად მე მივეპატიჟებინე,მაგრამ მაინც  წავედი,ბოლოს და ბოლოს მეც ხომ მათთან ერთად ვიშრომე და სადილიც მეკუთვნოდა).

შალას ცოლმა-ნინამ  სუფრა გაშალა,  არ მახსოვს, რა ეწყო მაგიდაზე, არ დავინტერესებულვარ,რადგან ერთადერთი,რაც მაინტერესებდა და თვალს არ ვაშორებდი,  ახრჩოლებულ ძველებურ ,,კერასინკაზე’’მდგარი ტაფა იყო,რომელშიც კარაქი ჩააგდო ნინამ,მერე კი მარილმოყრილი გათქვეფილი კვერცხები დაასხა. ბოლომდე არ შეწვა,მხოლოდ ერთი გვერდი მოუბრაწა და ასე ტაფიანად შემოდგა მაგიდაზე.

დარწმუნებული ვარ შალასა და ვასილას არც დაუნახავთ ის ტაფა, რადგან,უბრალოდ,არ ვაცალე, ელვის სისწრაფით მოვუჯექი მაგიდას,მოვიდგი გვერდით  და ისე არხეინად შევექეცი-გაგიხარია.ერთი-ორი კი ამოიგმინა ნინამ,მაგრამ მეტი ვერ მოასწრო, რადგან თვალის დახამხამებაში მოვაკრიალე ტაფა.

იმ საღამოს წაღვლის სერებამდე ავაცილეთ ვასილა პაპა მე და ჩემმა დამ,ურემზე ვისხედით და ვმღეროდით,მერე  სოფლის გასაყარზე გააჩერა ურემი, სათითაოდ აგვიტაცა ხელში,ჩაგვიხუტა,ჩაგვკოცნა და მშვიდად ჩამოგვსხა,აბა,გაიქეცით სახლში,არ დაგიღამდეთო-გვითხრა და დიდ ლამაზ ულვაშებში ჩაიცინა.

მერე,ვიდრე თვალს მიეფარებოდა,ვიდექით და ვეძახდით:ვასილა პაპააააა,ვასილა პაპაააა,ისიც გაჩერდებოდა,დინჯად შემობრუნდებოდა და გამოგვძახებდა: ვერიჩკაააა,ნანაააა,წადით,წადით,დაღამდაო...

ვასილა ლომიძე,ჩემი ვასილა პაპა,ბებიაჩემის ძმა და ბიძაშვილი, მეტად აღარ გვინახავს,დაახლოებით ერთ კვირაში კაცი ჩამოვიდა წაღვლიდან და გვითხრა,გარდაიცვალაო...შეიცხადეს ჩემებმა,მეც მათთან ერთად,თუმცა სატირალში არ წამიყვანეს,პატარა ხარო და სახლში გამომატირებინეს.

ვასილა ლომიძე დიდი ტრაგედიის მატარებელი ,დიდი ტკივილის მქონე კაცი იყო. შვილი  ფრონტზე დაეღუპა,თვალწინ და თავისი ხელით და მიაბარა მიწას.

 მერე მთელი ცხოვრება გლოვობდა,თუმცა ცოლისთვის არ უთქვამს სიმართლე,დაე,ცოცხალი ეგონოსო.საფლავში ჩაიტანა ეს დიდი ტკივილი და საიდუმლო.

რაც ვასილა პაპას გარეგნობიდან მახსოვს,ისაა,რომ უშველებელი ხელები ჰქონდა,აი,ორი ხელი ერთმანეთს რომ შეატყუპო,იმხელა.ძალიან მაღალი იყო,ოდნავ მხრებში მოხრილი,თეთრი თმითა და წვერ-ულვაშით,ლამაზი კაცი იყო ვასილა.

ულამაზესი ქალამნები ეცვა, სხვაგვარ ფეხსაცმელში არასოდეს მინახავს .თვითონ ამზადებდა საქალამნე ტყავს და  ასხამდა.

ისე მომწონდა,როცა ჩვენთან რჩებოდა, გახდაში ვეხმარებოდი და გაიხდიდა თუ არა,ჩავყოფდი ფეხებს და დავფხაკურობდი  წინ და უკან.

მუდამ გახუნებული შარვალ-ხალათი ეცვა,სუფთა,რაღაცნაირი სუნი ასდიოდა,თამბაქოსა და ოფლისა ერთად.

მიყვარდა ვასილა პაპა და მიყვარს ახლაც  და როგორც ჩემი  წინაპარი,  რომელმაც დიდი კვალი დატოვა  ჩემს სულსა და გულში-ლამაზი,ნათელი,საამაყო კვალი.

 

პ.ს. ეს ამბავი   გუშინ ამომიტივტივდა გონებაში და  ვიდრე ფურცელზე გადავიტანდი,ჩემს ქალიშვილს ვუამბე,ისეთი განცდით ვყვებოდი,მეტირებოდა.

მერე გადავწყვიტე,ზუსტად იმ პრინციპით შემეწვა კვერცხი,როგორც შეწვა მაშინ ნინამ  და როგორც იტყვიან,მიმეგებებინა მათთვის: ნინასთვის,იქნებ მას უფრო უნდოდა და მე შევუჭამე,ვასილასა და შალასთვისაც. თითქოს  ამით  გამოვისყიდდი  ჩემს  მაშინდელი ღორმუცელობასა და მსუნაგობას.

ქალიშვილსაც შევთავაზე,არ უთქვამს უარი,სულ სამი კვერცი ავიღე-ორი მე, ერთი თამარს.მაგრამ ტაფას რომ ჩავხედე,მეცოტავა და ვამატე მანამდე,ვიდრე ტაფა არ გავავსე,თან ჩავძახოდი: ეს ნინას მიაგებოს,ეს- ვასილას,ეს- შალას,ეს- ვისაც ერბო-კვერცხი უყვარდა და აღარ არიან,ან არიან და ვერ იწვავენ...ერთი სიტყვით მოვათავიანე არც თუ ისე  პატარა ტაფა.

ჰოდა,ახლა სინდისიც სუფთა მაქვს.

 ორგზის პ.ს.ნეტავ ერთხელ  კიდევ დამაბრუნა უკან,ბავშვობაში,დამანახა ის ხალხი,განმაცდევინა ყველაფერი ახლიდან და მერე აღარაფერს ვიდარდებ...

ვ.სებისკვერაძე

19.09.2020წ.

 

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...