Skip to main content

ჩემი ბავშვობის ზამთარი


( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)
წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი.ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს  ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა.
ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,  ყველა თავისი  დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა  ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია.
რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან.
იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის  იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს(სად იყო მაშინ სანტა?! )და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვისი უფრო დიდი და უფრო მორთული იქნებოდა.
საჭმელი ბევრი გვქონდა,სასმელი,სითბოც,მაგრამ დიდ საუნჯედ მაინც  კარგად ალესილი ციგები ითვლებოდა. ბიძაჩემი მექანიკურ ცეხში მუშაობდა და შეუდარებელი ციგა დავამზადებინე,კი მიბრაზდებოდა,რად გინდა,გოგო ხარ და სინაზე გმართებსო,მაგრამ  არც ციგისთვის და არც ჩემთვის  მის ნათქვამს   მნიშვნელობა  არ ჰქონდა.
არ გეგონოთ ვჯდებოდი და ისე ვცურდებოდი,ეგღა მაკლდა,მუცელზე გავწვებოდი ხოლმე და იმხელა ,,ტრამპლინებს,’’ასე ვეძახდით დაბრკოლებებს ,ვახტებოდი,ბევრი ბიჭი შურით სკდებოდა.
ჰოდა,აი ერთხელ სოფლის თავიდან დაშვებულმა,დავინახე  დაბლიდან  ამომავალი დიდი მანქანა,რომელსაც  მძღოლი ბოლო ხმაზე აჭყივლებდა,რომ გავეფრთხილებინეთ და ავრიდებოდით,მაგრამ უკვე გვიან იყო,მივხვდი,ციგას ვერ შევაჩერებდი,ამიტომ ეგღა მოვიფიქრე,მე გადმოვხტი,ციგა კი გავუშვი,რომელიც მთელი ძალით შეეჯახა მანქანას.მძღოლმა, რა თქმა უნდა,ჩემი მანევრი  ვერ დაინახა და ძლივს გაჩერებული მანქანიდან ისეთი ღრიალით გადმოხტა,ორ წუთში შეყარა სოფელი,არიქა,მიშველეთ,ვიღაცის ბავშვი მოვკალიო-გაჰყვიროდა.ვიდრე მისული და საღ-სალამათი არ დამინახა,ვერ დააწყნარეს.
ეჰ,საწყალი ჩემი ციგა...მერე ორი კვირა ვეხვეწე ბიძაჩემს,ახალი გაეკეთებინა,მანამდე კი ჩემს და-ძმას ვპარავდი,დილით ადრე ვდგებოდი და ვიდრე ისინი ჩაიცვამდნენ, მოემზადებოდნენ და ციგას მოისაკლისებდნენ,უკვე დაღლილი ვიყავი.
რამდენიმე სასრიალო ადგილი  გვქონდა,ყველაზე დამრეცი ვანოს თავქვე იყო,რომ დაეშვებოდი,თუ ყოჩაღი იყავი და მარჯვედ მოუხვევდი,კიდევ ახალ თავქვეს ადგებოდი ,ამიტომ გვიყვარდა ბავშვებს,მაგრამ ერთხელ მანდაც ისეთ ხათაბალას გადავაწყდით,ვიდრე გადაგვავიწყდა,იქაურობას აღარ ვეკარებოდით.მე და ჩემი ბიძაშვილი დავეშვით ციგით,მე წინ ვიყავი და ქვემოდან ამომავალ საქონელს როგორღაც ავერიდე,ჩემი ბიძაშვილი ვეღარ და ერთ დიდ ძროხას ფეხებში შეუვარდა,ძროხას ფეხი დაუცურდა,გაშალა ფეხები და ქვეშ მოიყოლა ციგაზე გაწოლილი ბიჭი,ძლივს გამოიყვანეს, საბედნიეროდ გადარჩა,არაფერი დაშავებია.
სოფელში საშობაოდ და საახალწლოდ თითქმის ყველა ოჯახი კლავდა ღორს,ჰოდა,მათი ჭყივილ-ჭყვიტინითა და მეზობლების ერთმანეთთან  გადაპატიჟებით იყო გაყრუებული არემარე. ისეთი მწვადის სუნი ტრიალებდა ირგვლივ,შენი მოწონებული.ვისაც ღორი არ ჰყავდა დასაკლავი,მეზობლები ეპატიჟებოდნენ და სახლშიც ატანდნენ,ზოგჯერ ასეთებს  იმდენი ხორცი უგროვდებოდათ,რომ აეწყოთ ერთი ღორი გამოვიდოდა,ცოტა დეფექტური,მაგრამ მაინც.
ერთხელ მამამ მეზობლის კაცთან გამგზავნა,,ღორის ქელეხში’’მოიპატიჟეო,რომ მივედი და ვუთხარი,ფრიად შეწუხდა: სად იყავი აქამდე,შე მამაძაღლო,თორმეტი ქადიანი მაქვს უკვე შეჭმულიო,თუმცა მაინც წამომყვა და მწვადსაც მშვენივრად გეახლათ.
ძალიან მიყვარდა  და მიყვარს ,,მეკვლეობის’’ტრადიცია.როგორც ჩემი მეზობლები და ოჯახის წევრები ამბობდნენ,კარგი ფეხი მქონდა,ამიტომ რომ დავიწყებდი დეკემბრიდან,გამოვდიოდი აქეთ იანვრის შუა რიცხვებამდე.ეტყობა მართლა კარგად დასცადეს ჩემი მეკვლეობა,რადგან მახსოვს , ერთხელ ჩემი ორი ბიცოლა წაკამათდა იმაზე,თუ ვისთან უნდა  შემედგა ფეხი  პირველად,კარგა ხანს იდავეს,მერე დედაჩემმა,ამ ამბის შემსწრემ,ისარგებლა და პირველი სულაც ჩემს ოჯახში ვიმეკვლე.
ზამთრის დიდ ღამეებში, მთელი ოჯახი ერთად შემოვიკრიბეოდით ღუმელთან,ვბატავდით სიმინდს,ვწვავდით გოგრას ან თეთრ ჭარხალს და მივირთმევდით.მეზობლებიც გვსტუმრობდნენ ხშირად და ისეთი საინტერესო საუბრები იმართებოდა,ბავშვები  გაფაციცებულები ვუსმენდით გარდასულ დროთა ამბავს. განსაკუთრებით პაპას საუბრები მახსოვს და მამას  ბავშვობისდროინდელი ოინები.
მახსოვს, ზამთრის თოვლიან ღამეში,საოცარი  სინათლე იფრქვეოდა ოთახში,სადაც მეძინა,რაღაცნაირი ზღაპრული და იდუმალი,თუმცა ფანჯრიდან ყურებაც არ იყო ნაკლები,მე ეს  უფრო მიყვარდა, რადგან იქ ხეებზე დადებული თოვლი,უფრო მეტ ფანტაზიას უხსნიდა გზას და ათასგვარ ამბავს მათხზვევინებდა.
კიდევ ბევრი შეიძლება მოვიგონო და დავწერო თოვლიანი  ზამთრის იმ  მოკლე  ლამაზი დღეებისა და დიდი ღამეების შესახე,ასე მკაფიოდ რომ  ჩამრჩა მეხსიერებაში და რომელიც, მართალია, ფერადი არ იყო,მაგრამ თვისი კაშკაშა სითეთრით ბევრ ფერადს სჯობდა.
პ.ს.ზამთარი ახლაც ყოველ წელს მოდის,ოღონდ,სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში, უთოვლო და,შესაბამისად,უთეთრო  ამიტომ  ძალიან მწყდება გული,რადგან მინდა ჩვენს შვილებსაც ჰქონდეთ თეთრი ფერადი ბრჭყვიალა ზამთარი.
ვ.სებისკვერაძე
15.01.2020წ.

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ...