Skip to main content


 რა დამავიწყებს პირველი ხაჭაპური რომ გამოვაცხვე,როგორც დიასახლისმა.
მახსოვს,მრგვალ ტაფაში ისეთი გაპიწკინებული ოთხკუთხედი ხაჭაპური ჩავსვი,ჩემს მეუღლეს  გაოცებისაგან შუბლზე აუვიდა თვალები,ხელები ფართოდ გაშალა და მითხრა,რა მეგონა,თუ ასეთი ხელოვანი იქნებოდი,თორემ უფრო ადრე მოგიყვანდი ცოლადო.მერე, მე რომ ტირილი დავცხე,ბევრი იცინა, მრგვალ ტაფაში გამომცხვარ ოთხკუთხედ ხაჭაპურს გემრიელად შეექცა,თან   მანუგეშა,არ იდარდო,შენ ისეთი ყოჩაღი ხარ,ცოტა ივარჯიშე და რვაკუთხედსაც გამოაცხობო.
თუმცა, სულ მალე    მშვენივრად ვისწავლე მრგვალ ტაფაში,შესაბამისი სტანდარტის ხაჭაპურის ცხობა და პირველი მარცხით მიყენებულმა სირცხვილმაც ჩაილურის წყალი დალია.სხვათაშორის ახლაც მშვენივრად  ვაცხობ და ვინც სიტყვაზე არ მენდობა,შემეხმიანოს.
მაგრამ სრულფასოვანი ხაჭაპურის გამოცხობამდე  იყო ბავშვობა და ტალახისგან  მოზელილი ხაჭაპურები.მე და ჩემი მეგობრები იმდენნაირი ფორმის  ხაჭაპურს ვაცხობდით,იმდენ კუთხესა და ქიმს ვუკეთებდით,რამდენიც გაგვიხარდებოდა,ვინ იყო დამშლელი. მახსოვს  ერთხელ  ეს ჩვენი სიმწრით გამომცხვარი ფერად-ფერადი ხაჭაპურები,როგორ გადაგვითელა ეზოში მონავარდე ხბომ,მერე იმდენი ვდიეთ იმ საცოდავს,მოგვიბრუნდა და  ჩლიქებაპყრობილმა  პატიება გვთხოვა.
მახსენდება,ალუბლის წვენისა და ხის ფისისაგან დამზადებული ფრჩხილის ლაქი,რომელსაც მიწაში ვფლავდით ერთი ღამით,(მიწაში რატომ ვერ გეტყვით,არ ვიცი) მერე ქათმის კურტუმოდან გაგლეჯილი ბუმბულით  ვისვამდით ფრჩხილებზე  და ჭკუაზე არ ვიყავით.ალუბალი,რომ შემოგველეოდა,სხვა ხილით ვამზადებდით,გააჩნდა,რა ფერის ფრჩხილი  გვესიამოვნებოდა.განა მართლა რაიმე გამოკვეთილი ფერი გვრჩებოდა ხელზე,არა,უბრალოდ,ჩვენ გვქონდა ასეთი წარმოდგენა.უნდა გენახათ,მეორე და მესამე პირს რომ გადავისვამდით და ერთი საათი ვაქანავებდით ხელებს ჰაერში,აქაოდა,კარგად გაშრესო.
მახსენდება, ფრიად საინტერესო და, ამავე დროს, სახიფათო თამაში ,,დანასობია’’,რომელსაც უფრო ხშირად კალმისტრით ვთამაშობდით,ვიდრე  დანით და ამიტომაც გვქონდა  მუდამ დაბრეცილი და გაღუნული  მელნის კალმის წვერი,დაჩხვლეტილი თითები და ბევრი საყვედური.სხვათაშორის,დიდი დასვენებაზეც,რომელიც მთელი ოცი წუთი გრძელდებოდა,ვასწრებდით რამდენიმე ხელს.
მახსოვს  თამაში, ,,შვიდქვა’’,როცა  შვიდი ქვის მაგივრად ცხრას ვაკოკოლავებდით და ზოგჯერ ქვების მაგივრად  შუშის ქილის თუნუქის  თავსახურებს ვალაგებდით ერთმანეთზე და ბურთის მაგივრად ქვებს ვესროდით.ეს თამაში იმით იყო საინტერესო,რომ კარგი მიზანი უნდა გქონოდა,დაგეშალა ერთმანეთზე შეწყობილი ქვები და მერე მოწინააღმდეგის წნეხის მიუხედავად,ისევ აგეშენებინა.
მახსენდება, ,,დამლახუჭა-დახუჭობანა’’,,,პაჟარია,პაჟარიას’’ ძახილით რომ დავრბოდით და ერთხელ იმხელა ხმაზე და ისე გამწარებული ვყვიროდი,შეშინებული მოვარდა მამაჩემი,აბა რა იწვის და სადაო.
 ეს თამაში სკოლაშიც იყო დაშვებული,ერთხელ ეზოში გამოგვიყვანა ჩვენმა ფიზკულტურის მასწავლებელმა და  გვათამაშა,ისეთ აზარტში შევიდა ჩვენი შემყურე,თვითონაც ჩაება,ჰოდა,ჩვენც მეტი რა გვინდოდა,დავახუჭეთ და რომ გაახილა თვალი( და ნამდვილად გაახილა) იქ აღარავინ დავხვდით,გამოვეპარეთ,მერე ატყდა ერთი ამბავი  და საქმის გარჩვა.
კარგად მახსოვს  ,,წრეში ბურთი’’,რომელსაც ახლაც საიმოვნებით ვთამაშობ ექსკურსიებზე მოსწავლეებთან ერთად და რომელიც ჩემი ბავშვობიდან იღებს სათავეს.ამ თამაშს ყოველთვის ის მხარე იგებდა,რომელსაც სწრფი მანევრის მქონე,მოხერხებული გუნდის წევრები ჰყავდა,ერთ-ერთი ასეთი მეც ვიყავი და ხშირად ,,ქრთამსაც’’ვიღებდი,მათ გუნდში რომ მეთამაშა.(აი,საიდან იღებს ქრთამის აღების წესი სათავეს)
კარგად მახსენდება საერთო საყოველთაო თამაში,,ლახტი,’’რომელიც ნამდვილად არ იყო განკუთვნილი გოგოებისთვის, რომელსაც იშვიათად,მაგრამ მაინც  ვთამაშობდი,ჰოდა,იმდენი ქამარი მხვდებოდა,სხვადასხვა სისქისა და ზომისა,მამლის კუჭივით გალურჯებული მივდიოდი  სახლში,მერე იქ იწყებოდა  საყვედურები,ბრალდებები და თავის მართლება-ახსნა-განმარტებებით.
 მახსენდება თამაში,,რეზინობანა’’,რომელიც ,სიმართლე გითხრათ,დიდად არ მიყვარდა,რაღაცნაირად მეზარებოდა,ერთ ადგილზე დგომა და ხტომა.ამას კარგი შურდული  მერჩივნა და იმით ჩიტების ხოცვა კი არა და,შავ სიაში მოყოლილი ვიღაც-ვიღაცების კუთვნილი სხვადასხვა შენობა-ნაგებობების მინების მსხვრევა,ან სახურევებზე ძრომიალი და იქ გასაშრობად გაფენილი ხილის მოპარვა, (გააჩნდა სეზონს).საჭმელად კი არ ვიპარავდი,შურდულში ვდებდი,კენჭების აკრეფა თუ მეზარებოდა.ოსი მეზობლები მყავდნენ,ვერუსა და ალექსა და იმათ ვპარავდი ხშირად,ახლა ნუ იფიქრებთ და ნუ დამაბრალებთ,ეთნიკური უმცირესობის შევიწროებას,უბრალოდ,ყველაზე ხელმისაწვდომი მათი სახლის სახურავი იყო,ვერუსამაც ისეთი სასაცილო ჩხუბი იცოდა,იმხელა ხმაზე  და ისეთი ტონალობით გაჰკიოდა,ერთ რამედ ღირდა,თანაც ერთბაშად რამდენიმე ენაზე ილანძღებოდა და ესეც არ იყო ინტერესს მოკლებული.
მახსენდება  ,,დაჭერობანა’’,რომელსაც ბებიაჩემი ალქაჯების თამაშს უწოდებდა,ამ დროს ისე დავრბოდი,თვალს ვერ შემასწრებდა ადამიანი.ერთხელ მეგობარი მომდევდა და იმდენი ვურბინე ბეღელს გარშემო,ვეღარ ვჩერდებოდი,მერე დედამ დამინახა და შემაჩერა,თან მკითხა,რატომ დარბიხარო,მომდევენ -მეთქი,ძლივს დამარწმუნა,რომ არავინ მომდევდა,მართლაც, ვინც დამდევდა,ის უკვე წასულიყო.მერე გაბრაზებულმა მივაკითხე სახლში  ჩემს მადევარს, დავუძახე,გამოვიყვანე გარეთ, ერთი კარგისა წავარტყი თავში,ავაღრიალე  და უკან გამოვიქეცი,ვიდრე მისი პატრონები გაიგებდნენ და მეც ამატირებდნენ.
პ.ს. როგორც ხედავთ,თხრობა დიდობაში მომხდარი ამბით დავიწყე და ბავშვობაში მომხდარი ამბებით გავაგრძლე და დავასრულე, რადგან მგონია,რომ  ყველაფერი,რაც შემდეგ დიდობაში გვემართება და გვჭირს,სწორედ ბავშვობიდან იღებს სათავეს.. რადგან მგონია,რომ ყველა კარგისა და ცუდის ფესვი,სწორედ იქ უნდა ვეძიოთ.
ვ.სებისკვერაძე
25.01.2020წ.



Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...