Skip to main content

ქუზა პაპა.


სტუმარი რომ ღვთისაა,ბავშვობიდანვე ჩამაგონეს და დღემდე ასე მჯერა.

ვერაფერს ისე ვერ დაგამახსოვრებინებენ და ვერც გაგაკეთებინებენ,თუ თავად არ მოგცეს მაგალითი.

  რამდენიც უნდა ეძახათ უფროსებს,სტუმარი გიყვარდეთ,მიიღეთ და პატივი ეცითო,თუ თავდ არ იქნებოდნენ მაგალითის მიმცემნი,მათი შეგონება ჩაივლიდა, ვითარცა წყალი ჩაილურისა.

   ჩემს მამულეთსა თუ დედულეთში,სტუმარი მუდამ სასურველი იყო,მაგალითად, დედაჩემის მამა,უშანგი მულაძე,თუ დღე ისე დაღამდებოდა, კარს არავინ შემოაღებდა,ვერ იყო ხასიათზე.წუხდა,აშკარად რაღაც აკლდა.

რა უნდა მომხდარიყო, თუნდაც შუადღით, სამსახურიდან შესვენებაზე მოსულს,ერთი კაცი მაინც არ შემოეყოლებინა.მისი ეს ხსიათი კარგად იცოდა ბებომ და ამიტომაც,როცა სუფრას შლიდა,მუდამ იჭერდა თადარიგს.მერწმუნეთ, პაპაჩემის მარტო დანახვა უფრო საკვირველი იქნებოდა,ვიდრე სტუმართან ერთად.

ასე იყო მამაჩემიც,მეორე პაპა,ალექსანდრე სებისკვერაძეც,ერთი სიტყვით, ვინც ნებით გვსტუმრობდა,ხომ კარგი და ვინც არა-ძალით მოჰყავდათ.

გზის პირას ვცხოვრობთ და მამამ,თუ  ეცალა და სახლში იყო, ჭიშკარში იცოდა ჩადგომა,ამვლელ-ჩამომვლეს სახლში ეპატიჟებოდა.იქნება საიდან მოდის,იქნებ რა უჭირს,იქნებ მშიერია და მწყურვალიო,დაასკვნიდა ხოლმე და დედაც უკრავდა კვერს.

განსაკუთრებით ტყეში შეშის საჭრელად დილის ოთხ საათზე გასულ მეურმეებს სწყალობდა,რომელთაც აუცილებლად ჩვენს სახლთან უნდა ჩამოევლოთ.

სხვათაშორის,ესენიც მიჩვეულები იყვნენ  მამაჩემისაგან შეპატიჟებას და ბევრჯერ ზედ ჩვენს კართან შემოუძახებდნენ ხოლმე ხარებს ომახიანად,იქნება არ ესმის და გავაგონოთ,არ გამოეპაროს ჩვენი ჩამოვლა ომარსო.

სოფელში ჭირი თუ ლხინი ისე არ დამთავრდებოდა,ჩვენს ოჯახში არ თქმულიყო ბოლო სადღეგრძელო, იქიდან წამოსული  ჩემი უფროსები,არა აქვს მნიშვნელობა,მამა იქნებოდა თუ პაპა,აუცილებლად სახლში შემოატარებდნენ უკვე აღარაფრის თავმქონე თანამეინახეებს და ისეთი სიყვარულითა და სითბოთი ექცეოდნენ, თითქოს ,ერთად არ იყვნენ ამდენი ხანი,იტყოდი,დიდი ხნის უნახავი ჰყავს და მონატრებულიაო.

ჩვენს მეზობელს  დედა გარდაეცვალა,უკვე მხცოვანი ქალი,უსყვარლესი ბაბო.დაკრძალვის დღეს ძალიან ციოდა და ფეხზე მოტრიალე კაცები მამამ სახლში მოიყვანა,ჯერ არაფერია საქმე და თითო ჭიქით შენდობა ვუთხრათო.

მოკლედ,ხუთმა კაცმა დაიწყო და ოცდაათმა დაამთავრა.მიცვალებულის შვილი მოვიდა ბოლოს და იმან წაიყვანა, ვასვენებთ უკვე და ამწევი აღარავინაა,არიქა,მიშველეთო.თუმცა,არც ის გაუშვიათ შესანდობრის თქმის გარეშე.

  არ იფიქროთ, ჭამა-სმისა და ღრეობის  დიდი მოყვარულები იყვნენ,ზოგჯერ, როდესაც ბევრი სტუმარი იყრიდა თავს,არც კი სხდებოდნენ მაგიდასთან,თავად ემსახურებოდნენ სუფრას და თუ ისხდნენ,ზომიერად მიირთმევდნენ,არ თვრებოდნენ.

პაპა იტყოდა ხოლმე,როგორ შეიძლება,სტუმარზე ადრე შენ შეგეტყოს ნასმობა,მოსულს ბოლომდე უნდა სცე პატივი და ვიდრე ბოლო კაცი არ გავა შენი სახლიდან,ფეხზე უნდა იდგეო.

 მამა რომ სიმღერას შემოსძახებდა,უკვე ვიცოდით,ნასვამი იყო.,,თუ ჩემი ხარ,ეგ ბეჭედი ვისია,თუ სხვისი ხარ,გულში რატომ მიზიხარ’’-მიუმღერებდა ხოლმე დედას და ყველა ვმხიარულდებოდით.ჰო,კიდევ საჭმელი უნდა ეჭამა,საიდანაც არ უნდა მოსულიყო,რადგან სხვაგან თითქმის არაფერს ჭამდა, ალბათ,რიდისა და იმ ფიქრის გამო-ყველას ეყოსო.

სამაგიეროდ სახლში მოსულ სტუმრებს სთავაზობდა გამუდმებით რაიმეს სუფრიდან და თუ  კრძალვას შეამჩნევდა,საკუთარი ხელითაც უდებდა თეფშზე.

  ერთხელ მამამ თანამშრომელი მოიყვანა,კარგად აქეიფა და არც ნასვამი გაუშვა სახლში,ოთახშიც მის გვერდით გაიშალა ლოგინი,ფიქრობდა,უცხოდაა და რამე რომ დასჭირდეს,იქვე ვიყოო.

ამ კაცს ერთი ცუდი ზნე ჰქონია,რომელიც არც მამამ იცოდა.ვერ იძინებდა,ვიდრე სრულად არ გამოფხიზლდებოდა, ეს  კი იქნებოდა ნაკლებად პრობლემა  სხვებისათვის, რომ არა დიდი სიმღერათმოყვარეობა,რომელიც სიმთვრალეში იჩენდა თავს.

რომ ეღიღინა,კიდევ აიტანდა კაცი,მაგრამ,არა,ხმამაღლა უნდა ემღერა,ქვეყნის გასაგონად,რომ იტყვიან,,კაცია და გუნებაო’’.

ამ ზნემ,რა თქმა უნდა,ჩვენთანაც მოუარა და შუაღამე გადასული იყო,ჩვენი სტუმარი რომ ისევ ,,არიებს’’ასრულებდა,ბოლო ხმაზე.

რა დამაძინებდა,თვალდაჭყეტილი ვეხვეწებოდი ღმერთს,ცოტა ხანს მაინც გაჩუმებულიყო.

მამაზეც ვბრაზობდი,ვფიქრობდი,რატომ არ აჩუმებს-მეთქი.

რამდენჯერმე ჩუმადაც შევიჭყიტე,მამა ნახევრად მიწოლილი,ჩაცმული, იდაყვდაყრდნობილი,დიდი ინტერესით ისმენდა  და როგორც ჩანდა,გულში აფასებდა,მის ვოკალურ მონაცემებს.ეს ხუმრობით,მაგრამ სინამდვილეში,რომ შევხედე, განაწამები ჰქონდა სახე,თუმცა  სტუმარს როგორ  აწყენინებდა.

ერთი სიტყვით,არც სტუმარს ეძინა და არც ჩვენ გვაძინებდა,ჰოდა, ამევსო მოთმინების ფიალა(დაახლოებით 14-15 წლის ვიქნებოდი). შევაღე კარი და ვიდრე მამა აზრზე მოვიდოდა და უკან გამომისტუმრებდა,თავზე დავადექი სტუმარს და ოფიციალურად მივმართე: ახლა დაიძინე,თქვენი ხმა აღარ გავიგონო,თორემ არ ვიცი,რას ვიზამ-მეთქი.

თითქოს ისეთი არაფერი მითქვამს,მაგრამ თვალიც კი  არ გაუხელია,ისე შეწყვიტა მღერა და აღარც ამოუღია ხმა.

დილით ბევრი იბოდიშა,ჰქონდა კიდეც საბოდიშო, მთელი ოჯახი გამოუძინებელი დაგვტოვა.

ისე, მამასი მერიდებოდა,ვფიქრობდი,მისაყვედურებდა,რატომ შეჰბედე სტუმარსო,მაგრამ,საღამოს,სამსახურიდან რომ დაბრუნდა,სიცილით მითხრა:ცოტა ადრე ვერ შემოხვედი შვილო,მალე გაჩუმდებოდა და არ გააყრუებდა მთელ სოფელსო.  

   უშანგი პაპამ სიტყვების,,ჩახვევა’’იცოდა,ყველა წინადადებას იწყებდა და ამთავრებდა  ასე-ერთი მეორე, ერთურთი.

მაგალითად,თქვენ გენაცვალეთ ერთი-მეორე...

ჩვენ გაგვიმარჯოს ერთი-მეორე...

უნდა გვიყვარდეს ერთურთი,ერთი-მეორე...

თქვენ მე მთვრალი ხომ არ გგონივართ ერთი-მეორე და ასე შემდეგ...

 პაპას ისე ათბობდა ზომიერად მირთმეული ღვინო,მასთან ჩახუტებას არაფერი სჯობდა.რასაც ფხიზელი ვერ გვეუბნებოდა,მთვრალი ამოთქვამდა და გვერდიდან არ ვშორდებოდი.

შაშა პაპას,რომელიც ცისფერთვალება თეთრი პირისახის კაცი იყო,ნასმობას შეფაკლული ლოყებითა და აციმციმებული თალებით შეატყობდი.ხო,ჩახველება იცოდა მალ-მალე,თორემ ისეთივე  დინჯი რჩებოდა,როგორიც სიფხიზლეში.

არ მახსოვს, რომელიმეს სტუმრის საწყენი სიტყვა ეთქვას,ან საქციელით გამოეხატოს მათდამი უპატივცემულობა.არც მათ მიერ შეწუხებული დედა ან ბებია მინახავს,ისეთი ტკბილები იყვნენ,მეტი არ იქნება.

შაშა პაპას გამორჩეულად უყვარდა პურის ჭამა თავის თანადროულ კაცებთან. ამიტომაც იყო,რომ ხშირად გვსტუმრობდნენ მისი ძმაკაცები: კოტე პაპა(იგივე დღუზა კოტე),ნიკალა-ნიკოლა პაპა(უზედმეტსახელო),შალიკო პაპა(იგივე ბოღოლია შალიკო),შალა პაპა(იგივე ტაპი შალა),ვანო პაპა(იგივე ბობიალა ვანო).პაპასაც ჰქონდა ზედმეტი სახელი აქშა შაშას ეძახდნენ ,რადგან დილიდან საღამომდე  ბაღჩასა თუ ვენახში შეფრენილ ჩიტებსა და ქათმებს აფრთხობდა,უქშევდა.

 ძირითადად ეს მოხუცები  ჩამრჩნენ მეხსირებაში,ისიც მახსოვს,როგორ განიცადა პაპამ თითოეულის წასვლა ამქვეყნიდან.

 მამა ვერ შეესწრო პაპის გარდაცალებას და  მახსოვს, დედა უყვებოდა,სულის ამოსვლის წუთებში,თავისი გარდაცვლილი  მეგობრების  სახელებს იძახდა:დამელოდეთ, ბიჭებო,მეც მოვდივარო.

შაშა პაპას ვაზის მოვლის საოცარი კულტურა ჰქონდა და ისე უფრთხილდებოდა თითოეულ მტევანს,როგორც საკუთარ ღირსებას.

გაღმა ვენახში,მზვარეზე ჰქონდა დაბლარი გაშენებული.

აბა,კარგი დედ-მამის შვილი იყავი,მის დაუკითხავად იქ შეგებედა.არადა, ისეთი გემრიელი და დამკრახული   ყურძენი იცოდა,თავად მეძახდა.

სად შემეძლო,პაპას დავლოდებოდი,როდის მოესურვებოდა,მივეპატიჟებინე ყურძნის საჭმელად,ამიტომაც ფერისცვალების შემდეგ,შეითვალებოდა თუ არა,მეც იქ ვიყავი.განა მარტო,სამეგობროსთან ერთად და მუსრს ვავლებდით.

ვერც ერთხელ წაგვასწრო მოსაპარად გადასულებს და რომ ვერ იგებდა,ვინ მავნებლობდა,ნერვიულობდა.

 თუმცა ამას მანამდე არ ვაქცევდი ყურადღებას,ვიდრე ატირებული არ ვნახე.

ერთხელ მეც  გამიყოლა ვენახში და ძირს დაყრილი, ნახევრად მკვახე მტევნები რომ დაინახა, ტირილი წასკდა.

ამან  ისე შემზარა, თავს შევფიცე,აღარასოდეს შევსულიყავი იქ მის დაუკითხავად.

ისე,არც ის მტევნები იყო ჩემი დაყრილი,როგორც მერე გამოვიძიე,ჩემი მეგობრები  შეპარულან უჩემოდ  და იმათ მოუსრავთ.

პაპასთან არ მითქვამს,მაგრამ ყველა მათგანს ჩავუტარე,,ეგზეკუცია’’ და მას შემდეგ მეც მოვისვენე, ვაზმაც და პაპამაც.

 შაშა პაპა და მისი მეგობრები თანასოფლელები იყვნენ, ზოგი ზემო უბანში ცხოვრობდა,ზოგიც-ქვემოში.

მათ ერთი საერთო მეგობარი ჰყავდათ,ატოცელი კაცი-მენერგე ქუზა.არ მახსოვს, ქუზა ნამდვილი სახელი იყო,თუ ზედმეტი,ყველა ასე  მიმართავდა და მეც ასე ვეძახდი.

 ქუზა პაპას  წელიწადის ნებისმიერ დროს შეეძლო,მოსულიყო სტუმრად,თუმცა უფრო ხშირად გაზაფხულზე გვსტუმრობდა,თან თავისი გამოყვანილი ნერგები გადმოჰქონდა გასაყიდად და იწყებოდა დიდი გადაპატიჟ-გადმოპატიჟება.

უფრო ხშირად ჩვენთან მოდიოდა და რჩებოდა ხოლმე რამდენიმე დღით.

ერთ საღამოსაც  ჩვენთან მოიყარეს თავი და კარგა გვარიანად შეზარხოშდნენ. ქუზა,რა თქმა უნდა, ჩვენთან დარჩა.

როცა ყველა წავიდ-წამოვიდა, პაპამ სტუმარი მოსასვენებლად შეიყვანა და მშვიდად გამოიხურა კარი.თუმცა,ცოტა ხანში გაახსენდა,რომ სტუმართან წყლის შეტანა დაავიწყდა და მე დამავალა ეს დიდებული მისია.

სიმართლე ვთქვა,დიდად არ გამხარებია,ეტყობა გული მიგრძნობდა,ხათაბალაში რომ  უნდა გავხვეულიყავი,მაგრამ უფროსები რომ აიხირებენ,ვერც გადაათქმევინებ, ვერც შეეწინააღმდეგები,ჰოდა,მეც  წყლის სავსე ჭურჭლით ფრთხილად შევიპარე ოთახში და იქიდან ისეთი წივილ-კივილით გამოვვარდი,პაპა და დედა,ერთმანეთს ასწრებდნენ.

ვიკივლებდი,აბა რა იქნებოდა,საკუთარი თვალით დავინახე,როგორ ეწყო ქუზას ყველა კბილი სკამზე,იმ სკამზე,სადაც წყლით სავსე გრაფინი უნდა დამედგა.

ყველაფერმა ცუდმა გამიელვა გონებაში  წამის მეასედში.

 კარგს როგორ ვიფიქრებდი,მანამდე არასოდეს მენახა კბილები სკამზე წყობოდეს ვინმეს და ვიფიქრე,დასცვივდა,მოკვდა,აფეთქდა,ამოწყდა...

თანაცა ისეთი საზარელი დასანახი იყო,ახლაც მიწუხს გული,რომ მაგონდება.

ამას დაერთო ისიც,რომ ჩემს დაყვირებაზე,ქუზასაც შეეშინდა, გადმოხტა საწოლიდან,საბანში გაიბლანდა და ზედ ჩემს ფეხებთან დაჰკრა  თავი,ფაქტობრივად, უნებურად,გასაქცევიც  ჩამიკეტა.

ვიდრე დედა და პაპა საქმის ვითარებაში გაერკვნენ,მე ჩემი დამემართა,ქუზას-თავისი.ხან მე მაწყნარებდნენ,ხანაც მას.

 მერე დიდხანს  მიხსნიდნენ და მიმტკიცებდნენ,რომ ეს არ იყო ნამდვილი კბილები,რომ ხელოვნური იყო და ,,პროტეზი’’ერქვა.

სიმწრისაგან გამოფხიზლებულმა ქუზამ,ჩემი დამშვიდების  მიზნით, რამდენჯერმე დემონსტრირებაც კი მოაწყო: ჯერ გამოიღო პირიდან,მერე  ისევ ჩაიწყო ის დაწყევლილი კბილები,თუმცა ყოველ ჯერზე თვალებს ვხუჭავდი,ისე მზარავდა.

მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ გვესტუმრა  ქუზა პაპა და შეთვრებოდა თუ არა,სიცილით  უყვებოდა ამ ამბავს ყველას...

მერე გავიგეთ,რომ ქუზა გარდაიცვლა,პაპა მამამ წაიყვანა მის ოჯახში, რომ  საკადრისი პატივი მიეგო ძმაკაცისათვის.

 როცა შაშა პაპა გარდაიცვალა, ცხრა წლისა ვიყავი. მაშინ უკვე ვიცოდი სიკვდილის,,გემო და სუნი’’  ამიტომ  ბევრი  ვიტირე და ვიდარდე...

პ.ს. და ბოლოს,  შემიძლია თამამად ვთქვა,რომ ჩემთვის  ამ მონათხრობში  ყველაფერი მნიშვნელოვანი და  ღირებულია.

ვიტყვი იმასაც,რომ  უბედნიერესი  ვარ, როგორც  ჩემი წინაპრების სიცოცხლის გაგრძელება და,ამასთანავე,ვალდებული და დიდად პასუხისმგებელიც, როგორც მათი,ისე ჩემი შთამომავლების წინაშე,რამეთუ   ხიდი  ვარ, ხიდი წარსულსა და მომავალს  შორის გადებული.

 

31.01.2021წ.

 

 

 

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ...