Skip to main content

 

ძალიან მიყვარდა ზაფხულის არდადეგები,რადგან სკოლიდან გვითხოვდნენ და მთელი სამი თვე ლაღად დავქროდით აღმა-დაღმა.სოფელიც ივსებოდა ქალაქიდან ჩამოსული ბავშვებით,ვისთანაც ერთად ხან მდინარეზე ვიყავით საბანაოდ,ხან ყანაში ვკრეფდით გვირილებსა და ყაყაჩოებს, ვწნავდით გვირგვინებად და თავს ვიწონებდით,მერე ხან დედოფლები ვიყავით,ხანაც პრინცესები და იქვე ყანაში ვაწყობდით საზეიმო მიღებას.პერსონაჟების განსახიერება არ გვიჭირდა,რადგან საკმაოდ ბევრ წიგნს კითხულობდა ჩემი თაობა.

სამწყემსურშიც ხშირად დავდევდით უფროსებს, საოჯახო საქმეებშიც ვეხმარებოდით დედას, თუმცა ხილის მოსაპარი დროც გვქონდა,, ,,ვაზგენას კინოშიც’’ დავდიოდით, დიდი ხვეწნისა და დელეგაციის ჩარევის შემდეგ. სოფელშიც ყოველ საღამოს ვიყრიდით თავს,ჩვენთვის გამოყოფილ ადგილას და გვქონდა დიდი მხიარულება.
ვთამაშობდით სხვადასხვა თამაშს, ვმღეროდით და ვცეკვავდით,რადგან, ჩვენდა საბედნიეროდ,მაშინ ძალიან,,ჩამორჩენილები’’ვიყავით,არც ტელეფონები გვქონდა,არც ინტერნეტი,ვერც ვმესიჯობდით,ვერც,, ვაჰაჰავებდით’’ და ვიყავით,ასე,სრულ ,,სიბნელეში’’.თუ რამის თქმა გვინდოდა,ან თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და ისე ვეუბნებოდით,ან ფოსტალიონს მიჰქონ-მოჰქონდა წერილის სახით და პასუხის მოლოდინში,რომელიც ზოგჯერ დღეები გრძელდებოდა,(გააჩნდა მანძილს) ბედნიერები ვიყავით,საღამოს ფოსტალიონი პრესასთან ერთად წერილსაც თუ მოგვაწოდებდა,სიხარულისგან ვკრთებოდით,ვდნებოდით,ვნეტარებდით და იმ წერილსაც ასჯერ მაინც გადავიკითხავდით ისე,თითქოს პირველად ვხედავდით.
მაშინ სხვა ურთიერთობები იყო,უფრო ჰუმანური,ოპტიმისტური,უფრო ჯიგრიანი.შეიძლება ვცდები, ვაზვიადებ,მაგრამ რომ ვუყურებ ჩვენს ბავშვებს, (და არა მარტო მათ) და ვხედავ, როგორ სხედან ერთმანეთის გვერდით და იმის მაგივრად ერთმანეთს აზრები გაუზიარონ,ისაუბრონ, რაღაც საინტერესო განიხილონ,ტელეფონებს ჩასჩერებიან და სამყარო ისე ტრიალებს მათ გარშემო,ვერც კი ამჩნევენ,ვერ კი გრძნობენ, როგორ გარბის დრო,ამიტომ ძალიან მეშინია, სამუდამოდ არ გადაეჩვიონ ლაპარაკს,აზროვნებას, სიტყვიერად გრძნობების გამოხატვას .ზოგადად, მეშინია ,ადამიანობას არ გადაეჩვიონ და ღვთის ხატად შექმნილნი, რობოტებად არ გვექცნენ თვალსა და ხელს შუა.
ნუ იფიქრებთ,ძალიან ჩამოვრჩი ცხოვრებას,ნურც იმის მტკიცებას დამიწყებთ,რომ ცივილიზაციას მოსდევს ეს ყველაფერი და თუ ფეხს ვერ ავუწყობთ,დავიღუპებით.ვიცი,მესმის,ვხედავ, ვხვდები,მაგრამ ზომიერების დაცვაა აქაც საჭირო,ისევე როგორც სხვა ყველაფერში და ეს რომ შეიგნოს ჩვენმა მომავალმა,ამაში ჩვენ, უნდა ჩავერიოთ, უფროსები,მასწავლებლებისა,მშობლებისა,თუ,ზოგადად,იმ საზოგადოების სახით,ვინც ყველაზე ახლოსაა ბავშვთან,ოღონდ,რა თქმა უნდა აქ,პირადი მაგალითია უპირველესი.
მახსოვს, ჩემს შვილებს დღეში რამდენიმე საათი ვუკითხავდი ლექსებს,მოთხრობებს, ,,წიგნის საათი’’ დავარქვით ამ აქტივობას, ერთად ვარჩევდით იმ მწერალს,ვისი ნაწარმოებების წაკითხვაც იმ დღეს გვსურდა და მერე ,დროთა განმავლობაში,ისეთი მოთხოვნილება გაუჩნდათ,თვითონ მეხვეწებოდნენ, დროა,წავიკითხოთო.
ხშირად ვუყვებოდი საინტერესო ეპიზოდებს მოთხრობებიდან,პოემებიდან,მერე ინტერესდებოდნენ, თუ როგორ გრძელდებოდა,ან როგორ მთავრდებოდა და ასე ნელ-ნელა მოვახერხე მათი მიყვანა წიგნებამდე. სხვათაშორის,ამ ხერხს ახლაც ვიყენებ მოსწავლეებთან.
თხრობა ჩემი ბავშვობისდროინდელი ზაფხულის არდადეგებით დავიწყე და ისევ მივუბრუნდები,რადგან მიმაჩნია,რომ იმ დრომ შემძინა ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი,რაც დღემდე მომდევს და თნმდევს და ასე იქნება ბოლო ამოსუნთქვამდე.
მგონია,რომ თუ ბავშვობას დავივიწყებ,ამით საკუთარ წარსულს მოვაჭრი ფესვებს.უფესვო ხეებს კი არასოდეს ჰქონიათ მომავალი.
ჰოდა,აი ეს წიგნიერი მაგრამ უინტერნეტო თაობა თავად ვიგონებდით ათასგვარ სახუმაროსა და სახალისო ამბავს.უფანტაზიობას,მე პირადად არასოდეს ვუჩიოდი.
ერთ წვიმიან საღამოს,როცა გარეთ ვიყავით თავმოყრილები,ასეთი რამ მომაფიქრდა, წამოვედი სახლში,გავიტანე შამპუნი,რომელიც ტუბში იყო და ჩუმად,ვითომც არაფერი,ვისაც მივწვდი,დავასხურე თავზე.მერე, ამას რომ მოვრჩი,ახლიდან ჩამოვუარე და ყველას ავუქაფე სველი თავი.ჯერ ვერ მიხვდნენ,მაგრამ შემდე,როცა შამპუნიანმა წვიმის წყალმა სახეზე დაუწყო დენა,დაცოფდნენ და ვიდრე გაერკვნენ,რა მოხდა და ვინ უქნა,ადგილიდან გავქრი.
მეორე დილით კი ახსოვდათ,მაგრამ სამაგიერო არ გადაუხდიათ,თვითონაც იხოცებოდნენ სიცილით,ეს რა გვიყავიო.
ჩვენს ოჯახშიც ხშირად იყვნენ ქალაქიდან ჩამოსული დამსვნებლები.უფრო ხშირად მე და ჩემი ბიძაშვილი ვიყავით ერთად და ვიგონებდით ათასგვარ ოინს,რომელიც ზოგჯერ მარცხით მთავრდებოდა.
ერთხელ, მაგალითად, სიმინდის ტაროები შევწვით და გემრიელად შევექეცით,იქვე ბიძაჩემის ეზოში კრაზანებს უშველებელი ბუდე ჰქონდათ გაკეთებული,იმდენი იყვნენ,შავი გორგალივით ჩანდნენ, როცა შედიოდნენ ,ან გამოდიდნენ. საიდან მომაფიქრდა,არ ვიცი,მაგრამ ძალიან მომინდა,სიმინდის ნაქუჩებით,რომლებიც ისევ ხელში გვეჭირა,კრაზანების ბუდის შესასვლელი ამოგვექოლა,მაინტერესებდა,რას იზამდნენ,ჩემი ჭკუით,დაიგუდებოდნენ და ახიც იქნებოდა მათზე,აბა,რა უნდოდათ,ჩვენს ეზოში,სადაც ჩვენი სივრცე იყო,რატომ უნდა ჰკავებოდათ ჩვენი სათამაშო ადგილი.უფროსები,სულ გვაფრთხილებდნენ,არ მიეკაროთ,გიკბენენო და ეტყობა ამიტომაც გადავწყვიტე,სამუდამოდ მომეშორებინა თავიდან.
მივედით და ნაქუჩები ფრთხილად, მორიგეობით შევჩურთეთ ბუდის შესასვლეში,მერე იქვე ჩავსხედით და დაველოდეთ,როგორ დაიგუდებოდნენ უჰაერობით.დიდი დრო არ დაგვჭირვებია,სულ რამდენიმე წუთში კრაზანების იმხელა გუნდი დაგვესხა თავს,მურვან ყრუს ლაშქრობა მოგონილი იყო.თურმე,ნუ იტყვით და ამ გონიერ არსებებს,კიდევ ბევრი გამოსასვლელი ჰქონიათ,რაც ჩვენს ბრიყვულ თვალს შეუმჩნეველი დარჩა, ჰოდა,ისეთი წივილ-კივილი ავტეხეთ,ისეთი სისწრაფით მოვწყდით ადგილიდან,რომ როგორმე გავქცეოდით და თავი დაგვეხსნა ამ გააფთრებული მწერებისაგან,თვალი ვერავინ შეგვასწრო.აწივლებულებმა რომ ჩავიქროლეთ, ხმას მოჰყვნენ და გამოგვეკიდნენ უფროსები.მე,პირადად,სოფლის წყარომდე ვირბინე და იქ შევჩერდი, რადგან ბოლო კრაზანამ იქ დამანება თავი.მამამაც იქ მომისწრო და რომ შემომხედა,გადაირია, ისე ვიყავი დაკბენილი, აღარც თვალი მეტყობოდა ,აღარც ცხვირი.
ერთი სიტყვით,კარგა ხანს მიმკურნალეს,ძლივს დავცხრი,არც ჩემს ბიძაშვილს ადგა კარგი დღე.
ის დღე იყო და კრაზანებს სათოფეზე არ გავკარებივარ.ახლაც, თუ სადმე გადავეყარე,შორიდან ვუვლი,რა იცი,რა გაახსენდეთ.
პ.ს.,,გასრულდა ესე ამბავი,ვითა სიზმარი ღამისა’’ და ელოდეთ ახალს,გაგრძელება იქნება.
ვ.სებისკვერაძე
29.01.2020წ.

Comments

Popular posts from this blog

                                        ჩემი ვასილა პაპა (მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   თუ ადამიანმა რამით უნდა იამაყოს ამქვეყნად,მისი წინაპრებია,მათ მიერ გაკეთებული კეთილი საქმეები, ნათელ კვალად გადევნებული ჯერ მათ სიცოცხლეზე,მთლიანად   ცხოვრებაზე,ხოლო შემდეგ -შთამომავლობაზე. ასეთი კაშკაშა კვალი აქვს დატოვებული ჩემი ბებოს,ჩემი მოსახელის,ვერიჩკას ბიძაშვილს,ვასილა პაპას,რომელიც ძმასავით ედგა გვერდით   ჩვენს ოჯახს,ბებოს გადაცვალების შემდეგ კი-პაპას. ისინი სიძე-მოყვარენი იყვნენ და ამართლებდნენ   კიდეც ამ მოყვრობას,დიდხანს ვერ ძლებდნენ უერთმანეთოდ,ან პაპა ადიოდა ვასილასთან-წაღვლში,ან ვასილა პაპა გვსტუმრობდა-აბანოში. მე,პატარა ბავშვი,შემსწრე   ამ ტკბილი და თბილი ურთიერთობებისა,იმდენად მოხიბლული ვიყავი,რომ გვედიდან არ ვშორდებოდი.რაც უნდა დაევალებინათ,წამის მეასედში ვასრულებდი,ეს კი ,ზოგადად,უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის,ხასიათისთვის,მა...

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...

ჩემი ბავშვობის ზამთარი

( მოგონებები ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’) წელიწადის ყველა დროს თავისი ეშხი და ხიბლი აქვს,თუმცა დარწმუნებით ვიცი, გაზაფხული და შემოდგომაა ჩემი . ზამთარში მცივა, ზაფხულში მცხელა და ამიტომ არ მიყვარს.თუმცა ზაფხულს უფრო ბევრს   ,,ვუთმენ’’,რადგან არდადეგებია,ვისვენებ და დავეხეტები აღმა-დაღმა. ახლა ზაფხულზე არ ვილაპარაკებ,ზამთარზე მინდა გიამბოთ,ჩემი ბავშვობის ზამთარზე,   ყველა თავისი   დღესასწაულით,რომელიც არცერთხელ არ მახსოვს უთოვლოდ.ის კი არა   ნოემბერში მოუთოვია ბევრჯერ და მოსავალი დაგვრჩენია გარეთ,მაგალითად ჭარხალი,რომელიც შემდეგ გაყინული, დათოვლილი მიწიდან ამოგვიღია. რომ ვუკვირდები,ახლა არ მიყვარს ზამთარი,თორემ ბავშვობაში ძალიანაც მიყვარდა,რადგან მაშინ გართობასა და მხიარულებასთან ასოცირდებოდა,ახლა პრობლემებთან,სიცივესა და უმზეობასთან. იმხელა თოვლი მოდიოდა,მამა ყოველ დილით კვალავდა,ამ კვალის აქეთ-იქით თოვლის   იმხელა გორა დგებოდა,აღარც კი ვჩანდით,მერე დავძვრებოდით ამ კვალში და თოვლის გორებში ვიშენებდით სახლებს,ვაკეთებდით თოვლის პაპებს...