სოფელი აბანო
(ვ.სებისკვერაძე
ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)
სოფელი,სადაც მე
დავიბადე და გავიზარდე,ქარელის რაიონშია, ფრონის ხეობაში,მდინარე ლოპანისწყლის ნაპირებზე.თუმცა,ყველა
ჩემი თანასოფლელისათვის,ისევე,როგორც ჩემთვის, ის მდინარე ფრონეა და ვერაფრით გადაგვათქმევინებ.
ამ სოფელს აბანო ჰქვია და მსოფლიოში საუკეთესოა,პირველია
და ჩემს სიყვარულს მისდამი ვერაფერი წაშლის.
ძალიან მიყვარს
ჩემი სოფელი და ეს შეიძლება ვინმემ მიკერძოებაში ჩამომართვას, მაგრამ დიდად არ ვნაღვლობ,რადგან
მგონია, რომ თუ შენი კუთხე-კუნჭული არ გახსოვს,არ გიყვარს და არ ეთაყვანები,სხვისას
ვერასოდეს შეიყვარებ.
ან როგორ შეიძლება,არ გიყვარდეს ის ადგილები,სადაც
დაიბადე,აიდგი ფეხი,ამოიდგი ენა, შეიცანი თავი შენი და მერე ამტკიცო,რომ პატრიოტი,კაცთმოყვარე
და,ზოგადად,ადამიანი ხარ.ჩემთვის აქედან დაიწყო დანარჩენი სამყაროს შეცნობა და სიყვარული,აქ მეგულება
მამა-პაპის ძვლები, დღემდე აქა მყავს ჩემი ჯიგარი,ჩემი სისხლი და ხორცი და კიდევ მეყოლება დიდხანს,ძალიან
დიდხანს.
ზოგჯერ,როდესაც
გავიფიქრებ,რომ შეიძლება ეს მიწა-წყალი ვინემ წამართვას და ამის საშიშროება ნამდვილად
არის,რადგან კონფლიქტის ზონაა,გული მიწყებს ტეხას და ღმერთს ვევედრები,არ გაგვწიროს.
ჩემი სოფლის მაღლობებიდან
კარგად ჩანს მტრის მიერ დარჭობილ-დამაგრებული ცისფერი ბანერი,რომელიც გვიკეტავს და გვართმევს გზას
წარსულისაკენ და გვაიძულებს,დავივიწყოთ,ის,რაც სინამდვილეში ჩვენია,თუმცა,არა მგონია,ეს
მოახერხონ,მჯერა,მოვა დრო და სამართალი პურს შეჭამს.
შარშან ჩემი სადამრიგებლო
კლასის მოსწავლეები წავიყვანე აბანოში,ორი
დღე ვიყავით,მოვატარე და დავათვალიერებინე მისი შემოგარენი,იმ მაღლობზეც ავიყვანე,საიდანაც
კარგად ჩანს,სასაზღვრო ზოლი და როცა ვუთხარი,იმის იქითაც ჩვენია,მაგრამ წაგვართვეს
და ჩვენს საკუთარ მიწაზე ფეხს არ გვადგმევინებენ- მეთქი,შეწუხდნენ.ერთმა მოსწავლემ
მითხრა:რომ ამბობდნენ ,,,ოკუპაცია’’,,,კონფლიქტის ზონა’’,ვერ აღვიქვამდი კარგად,ვერ
ვხვდებოდი და ვერ შევიგრძნობდი,რას ნიშნავდა,ახლა,რომ დავინახე ამკრძლავი ბანერი,რომლის
იქითაც ვერ გადავალ,ჩემია,მაგრამ წამართვეს,გავმწარდი,მივხვდი ყველა ცნების მნიშვნელობას
და მზადა ვარ ვიბრძოლო ჩემი მიწის ყველა ნაკუწისთვისო,ამის გამგონეს გული ამიჩუყდა,მოვეხვიე
და ვუთხარი,თქვენი იმედი მაქვს და მჯერა,ღირსეული საქართველოს საამაყო შვილები მეზრდებით-მეთქი.
სოფელს საინტერესო
ისტორია აქვს,სახელიც აქ არსებული სამკურნალო წყლის გამო მიიღო.თავის ცნობილ ნაშრომში
ვახუშტი ბატონიშვილი ასე წერს:,,"აბანოს დის თბილი წყალი, ჰკურნავს ქარით დახუთულს და ბუგრსა-მუწუკსა".
ერთი სიტყვით,სოფელში ბუნებრივი წყალი
გვაქვს გოგირდისა, რომელიც
ახლა, ფაქტობრივად, დაკარგულია,რადგან საკუთარი კალაპოტი აღარა აქვს, მდინარეს ერთვის
და იკარგება,უბრალოდ,რომ დააკვირდე,შეამჩნევ განსხვავებულ თეთრ ზოლს,კარგა დიდ მანძილზე რომ გასდევს წყალს.არავინ
გამოუჩნდა გულშემატკივარი,არავინ დაინტერესდა დღემდე,რომ მიხედოს და მიეპატრონოს,რაზედაც
ძალიან მწყდება გული,თუმცა ვიტოვებ იმედს,რომ ამ საქმესაც მოევლება.
მახსოვს,ჩემს ბაშვობაში, მდინარის ორივე ნაპირზე
იყო გაკეთებული სპეციალური დიდი ორმოები,სადაც
ამოდიოდა და გუბდებოდა ეს შესანიშნავი სამკურნალო წყალი,მარჯვენა ნაპირზე კაცები იყრიდნენ
თავს და იღებდნენ გოგირდის აბანოებს,მარცხენაზე კი-ქალები.იმდენი ხალხი მოდიოდა ჩვენი
ხეობიდან და სხვა მხრიდანაც,რომ ზოგჯერ რიგები იდგა.რომ გითხრათ,დიდი კომფორტი იყო
მაშინაც-მეთქი,მოგატყუებთ,მაგრამ რაც ახლა ხდება,იმასთან რა მოსატანია.
ჩვენ, ბავშვებს,რა
გვენაღვლებოდა,საითაც გვინდოდა,იქით ვიყავით,გვინდოდა კაცებთან ერთად დავიმურებოდით,დავითუთხნებოდით
ტალახით და გვინდოდა ქალებთან ერთად ჩავწვებოდით იმ წყალში,ვინ გაბედავდა,დაეშალა,
თითქმის ყოველდღე იქ ვიყავით და, გოგირდის ტალახში ამოგანგლულები,დავქშიტინობდით გაღმა-გამოღმა.მერე
როგორც გინდა დაგებანა,მაინც გაგვდევდა სუნი და სახლში მისულსა და აქა-იქ ტალახიანს,ბებო
დიდი მონდომებითა და საყვედურებით მბანდა,თან მმოძღვრავდა:ეგო,შვილოო,განა თქვენია,ბავშვებისაო,ეგო
დიდი ადამიანებისთვისაა განკუთვნილიო,ვისაც რევმატიზმები აწუხებსო და კანზე მუწუკები
აქვსო და, საერთოდ,ავადააო,აღარ ჩახვიდე,გენაცვალოს ბებოოო.მეც ისეთ ფიცს ვდებდი,წყალი
არ გაუვიდოდა,მაგრამ დილით,გამოძინებულზე საერთოდაც აღარ მახსოვდა და ჩემნაირ დალაგებულებთან
ერთად ისევ მივთოხარიკობდი,,სამკურნალოდ’’.
ხოო,დოლომიტის ქვის
საბადო გვაქვს სოფელში,ცეცხლგამძლე ქვისა.ახლა კი ჩამკვდარია ყველაფერი ამ კუთხითაც,მაგრამ
მახსოვს,სამი უშველებელი ქარხანა მუშაობდა
უწინ.მოიპოვებდნენ,ამუშავებდნენ,ახარისხებდნენ
ამ ქვას და მიაწოდებდნენ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას.მარტო ჩვენი სოფლელები
კი არა,მთელი ხეობა იქ მუშაობდა თითქმის და დუღდა და გადმოდუღდა იქაურობა.იმხელა და
იმდენი ტრანსპორტი მოძრაობდა,ყოჩაღად თუ არ იქნებოდი,შარში იყავი გახვეული შენცა და
მძღოლიც.
ჩემი ბიძა,(მამას ბიძაშვილი) ზემოაბანოელი, ,,ბელაზის’’მძღოლი იყო და როცა შესვენებაზე
სახლში მიდიოდა(თორმეტიდან პირველ საათამდე)მე გადასახვევთან ვხვდებოდი,ვაჩერებდი,ზედ
ვძვრებოდი და მივდევდი ზემოუბანში, მერე ისეთი ამაყი სახით შევდიოდი სახლში და ვუცხადებდი
ზემოუბნელ პაპა-ბებოს,,,პერერივზე ‘’ვარ მოსული,საჭმელი მაჭამეთ-მეთქი,წყალი არ გაუვიდოდა,თან
ვაჩქარებდი,რადგან ჭამაც უნდა მომესწრო,სოფლის მორბენაც და უკან გაყოლაც.ზოგჯერ, ამ ნავარდის დროს,ისე გავერთობოდი,მავიწყდებოდა
უკან რომ უნდა გავყოლოდი და მერე იწყებოდა ჩემი ძებნა,რომელშიც ზემო და ქვემოუბნელ
ბებო-პაპასთან ერთად ერთვებოდა მოხალისეთა გუნდიც.
მერე ან მპოულობდნენ,ან
თავად გამოვჩნდებოდი და იწყებოდა დიდი ორომტრიალი.რა უნდოდათ,რას მერჩოდნენ,აზრზე არ
ვიყავი, მაშინ ვერ წარმომედგინა,როგორ შეიძლებოდა,ადამიანს,მით უფრო ბავშვს,რომელსაც
ორი ხელი,ორი ფეხი და ფანტაზიით გამოტენილი თავი ჰქონდა,უძრავად მჯდარიყო და უფროსების
თითის გატკაცუნებაზე ემოძრავებინა მოდუნებული
სხეული.სიმართლე გითხრათ,ამას ვერც ახლა ვხვდები და არც მინდა.
პ.ს.ჩემი სოფლის
ისტორიასა და მასთან დაკავშირებულ ჩემს ,,სარაინდო-საგმირო’’თავგადასავალს
აუცილებლად ექნება გაგრძელება,მერწმუნეთ და დამელოდეთ.
21.02.2020წ.
Comments
Post a Comment