Skip to main content

(ვ.სებისკვერაძე ციკლიდან ,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)
ჩემს პაპასა და ბებოს, უშანგი მულაძესა  და ეთერ მაჭარაშვილს,ორი შვილისგან რვა შვილიშვილი და თექვსმეტი შვილთაშვილი დავრჩით(ეს,რასაც მოესწრნენ,თორემ ახლა მეტნი ვართ  და გვამრავლოს ღმერთმა).
  თავიდანვე რაღაცნაირად გაგვანაწილეს მშობლებმა,რადგან ზოგი სწავლობდა და ზოგიც მუშაობდა  და მე და ჩემი ბიძაშვილი ნინო ერთად ჩაგვიბარეს აღსაზრდელად ეთერმა და უშანგიმ.ჩემი მომდევნო და კი,მაგალითად,მეორე ბებო-პაპას ებარა და ძირითადად იქ იზრდებოდა,ისევე,როგორც ნინოს მომდევნო და-ეთერი.
განა შორს ვიყავით ერთმანეთისაგან,ერთ სოფელში ვცხოვრობდით,ოღონ მე ქვემო უბანში,რომელსაც,,კალონიასაც’’უწოდებდნენ(კალონია,იგივე კოლონიაა,უბრალოდ,აბანოელებმა გაუპრანჭეს სახელი და ასე დაარქვეს, რადგან პატიმრებს აუშენებიათ იმხელა ქარხანაც და ის ორსართულიანი კორპუსებიც,რომელთაგანაც ერთ-ერთში მეც ვიზრდებოდი და რომელშიც  ძირითადად სხვადასხვა მხრიდან ჩამოსახლებულები ცხოვრობდნენ,პაპა,მაგალითად,ხაშურის რაიონიდან იყო,ტიტვინისწყაროდან.).ჩემი და კი ზემო აბანოში იზრდებოდა,მამის მამასთან და მის მეორე ცოლთან,(ჩემი მოსახელე ვერიჩკა ბებო ხომ ადრევე გარდაიცვალა და პაპამ ნადია ბებო შეირთო ცოლად),რომელიც ძირძველი დასახლებაა და ძირითადად ორი გვარი ცხოვრობს: სებისკვერაძეები და მიქელაძეები.
ყოველდღე ვნახულობდით დები  ერთმანეთს,დღეში ხან ათჯერაც,მე რა გამაჩერებდა,ხან ზემო უბანში ვიყავი და ხანაც ქვემოში,სასაცილო იცით რა იყო?! დედის მშობლებთან ჩაბარებული,რომ დავკრავდი ფეხს,გამოვეცხადებოდი ზემოუბნელებს და ვეტყოდი,თქვენთან უნდა ვიყო-მეთქი და ცოტა ხანში ვიკარგებოდი,მერე მიდიოდა ჩემი საკავშირო ძებნა,ქვემოუბნელი ბებო-პაპა ცალკე დამეძებდა და ზემოუბნელი ცალკე,მე კი ამ დროს ან შალიკოსთანა და ნინასთან(ჩემს მოხუც მეგობრებთან)ვიყავი,ან მეგისთან,ან ლიასთან,ან მათთან ერთად მდინარეზე,ან რომელიმე ხეზე დავბღოტიალობდი.
უფრო შემაშფოთებელი და აღმაშფოთებელი ზემოუბნელებისათვის კი ის იყო,რომ მათთან ჩაბარებული ჩემი დაც თან მიმყავდა,როგორც იტყოდნენ,გამოვჩნდებოდი  და მაშინვე ვაგიჟებდი ნანასაც,ამ ბუნჩულა და მშვიდ ბავშვს.ჰოდა,ჰქონდათ ბებო-პაპებს ერთი გაწამაწია.ერთხელ, მახსოვს,მდინარიდან დაბრუნებულები და ქვემოუბნელ ბებოსა და ზემოუბნელ პაპას ერთად გადავეყარეთ,ესეიგი რა მოხდა,ბებო ქვემოდან წამოვიდა ჩემს საძებნელად,პაპა ზემო უბნიდან ნანას საძებნელად  და სადაც გადაეყარნენ ერთმანეთს იქ დასხდნენ,  ანუ შუა სოფელში დიდ ქვაზე და ატეხეს ქოთქოთი ჩვენ გამო,უფრო ჩემ გამო,რადგან ნანაც ჩემი მსხვერპლი იყო(ნუ,ისინი ასე თვლიდნენ) და რომ დაგვინახეს,მე ქოჩორში მწვდნენ და მიმალანძღეს, ნანა კი  ატირებული გაიგდეს წინ.
ბებო-პაპები რომ ამბობენ, შვილიშვილებს არ ვარჩევთ,ყველა ერთნაირად გვიყვარსო,არ დაიჯეროთ,მე ზუსტად ვიცი,რომ ეთერისა და უშანგის უფრო მეტად ვუყვარდი,ვიდრე შაშას,ნუ ნადიაზე არა ვლაპარაკობ,რადგან ის მაინც არ იყო ჩემი სისხლისმიერი და ეპატიებოდა.განა მე არ ვუყვარდი შაშა პაპას,მაგრამ ნანა უფრო მეტად უყვარდა,რადგან ამაგი მეტი ჰქონდა მასზე,ვიდრე ჩემზე(მე ისედაც,რა შესაყვარებელი ვიყავი,სიცოცხლეს ვუმწარებდი საწყალ კაცს).აი,მაგალითად,როცა სადმე იყო წასული, მოვიდოდა და მოიტანდა ტკბილეულს,ნანას შოკოლადს აძლევდა,მე კი ხილის კანფეტს,მართალია,ზუსტად ორ წუთში ვაკეთებდი ბარტერს,ან თუ არ დამნებდებოდა,სულაც ვართმევდი იმ შოკოლადს,მაგრამ ის ხომ გვარჩევდა?!სიმართლე გითხრათ,ეს არც მაშინ მწყინდა და არც ახლა მწყინს,თუმცა გასათვალისწინებელია,რადგან მეც ბებო ვარ.
ქვემოუბნელ ბებო-პაპაზე ასეთი რამ არ მახსენდება,თუმცა ახლა რომ ვაკვირდები,მე და ნინო უფრო ვუყვარდით და გვარჩევდნენ  დანარჩენ შვილიშვილებში,მათაც ხომ  მეტი ამაგი სწორედ ჩვენზე ჰქონდათ.
ჩემი და ნინოს აღზრდა კი,მით უფრო ერთად,დამერწმუნეთ არ იყო ადვილი,რადგან დილიდან საღამომდე თხებივით დავხტოდით,კვიცებივით დავთოხარიკობდით და მთელი დღე ისმოდა ამ ჩვენი ჭკვიანი ბებოს ხმა,გაჩერდით,დაწყნარდითო,მერე პაპა მიეშველებოდა ხოლმე და ცოტა ვრჯულდებოდით.ბებო სულ იმაზე წუწუნებდა,ყველაზე გიჟები მე შემახვედრეს გასაზრდელად  თქვენმა მშობლებმაო.
ნინოს ჩემგან განსხვავებით,ერთი პრობლემაც ჰქონდა,უჭმელი იყო და რამე რომ შეგეჭმია,მთელი რიტუალი უნდა შეგესრულებინა,აი,გუდიანი კაცი წაგიყვანსო,აი,ნიორაძეების ძაღლი მოვა და შეგიჭამს საჭმელსო,აი,ქარი წაგიღებს და ვეღარ გიპოვნითო,აი,თუ ამას შეჭამ იქ წაგიყვანთ და ამას გიყიდითო და ასე შემდეგ.(სამწუხაროდ, მაშინ მობილური ტელეფონები არ იყო,  თორემ ჩაურთავდნენ ბავშვს და მომენტალურად პირდაღებული ისე გადასანსლავდა ყველაფერს,ვერც მიხვდებოდა,აღარც ბებო იწვალებდა და აღარც მე დავიწვებოდი მათი საცოდაობით).
რა დამავიწყებს, საბავშვო ბაღში რომ მიგვაბარეს ერთად,მე  ისედაც  მეჯავრებოდა  ბაღი,ნინომ კი მთლად გადამრია.დილიდან შუადღემდე იჯდა ერთ კუთხეში და ტიროდა,არცა ჭამდა, არცა სვამდა,დაძინებას ვინ შეჰბედავდა?! მეც ვუჯექი გვერდით და რაც შემეძლო თანავუგრძნობდი,ისე,რომ აღაც მე ვჭამდი და ვსვამდი.კიდევ კარგი,დროზე მიხვდნენ და გაიყვანეს ბაღიდან,თორემ ეს ამბავი გადამიყოლებდა.ნინო კი წაიყვანეს,მაგრამ მე ბოლომდე ვწიე ,,საბავშვობაღისეული ჭაპანი’’.
ეს გამორჩეული სიყვარული ბოლმდე შერჩათ  ჩვენს აღმზრდელ მოხუცებს.ბოლომდე ჩვენ ვიყავით მათი საფიცრები,ის კი არა და,დედა მიყვებოდა,ერთხელ,უკვე ღრმად მოხუცებულ პაპას,როგორ გაუთრევია თავისზე მძიმე ლობიოთი სავსე ტომარა ცალკე,ესო ნინოსა და ვერიკოს უნდა გავუყო,იმათი წილიაო.
ჩვენც გამორჩეულად სწორედ ის ბებო-პაპა გვიყვარდა და გვიყვარს,რომლებმაც გაგვზარდეს და დიდი ამაგი დაგვდეს.
ახლა,ამ გადმოსახედიდან, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თუკი რამ სიკეთე და ადამიანობაა ჩემში,( დარწმუნებული ვარ,ამასვე იტყვის ჩემი ბიძაშვილიც)სწორედ მათი დამსახურებაა და მეცოდება ყველა ის ბავშვი,რომელსაც ეს ფუფუნება არა აქვს.
პ.ს.ახლა ისე ხშირად მახსენდებიან და მენატრებიან ჩემი მოხუცები,რას არ გავიღებდი, ერთხელ მაინც ჩავხუტებოდი,რას არ გავიღებდი, მათი სითბო და სურნელი შემეგრძნო.
15.02.2020წ.

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ...