Skip to main content

 

  რამდენიმე დღის წინ,   არქივში ქექვის დროს,  გაცრეცილი ფურცლების დასტას  გადავაწყდი, მართალია,ზოგს დასაწყისი  აკლდა,ზოგს-დასასრული,მაგრამ მაინც  ადვილად ამოვიცანი ჩემი ბავშვობისდროინდელი ჟურნალები,,პიონერი’’ და ,,დილა’’.

   როგორც ჩანს,მხოლოდ ის ამომიჭრია და შემინახავს,სადაც ჩემი პატარ-პატარა მოთხრობები და ჩანახატები იყო დაბეჭდილი.

ახლა ნამდვილად არ ვაპირებ  მათ გამომზეურებას,თუმცა ამ სიძველისაგან  გაყვითლებულმა და სინესტეშეპარულმა ფურცლებმა უკან,შორეულ ბავშვობაში გადამტყორცნა და იმდენი რამ ამომიტივტივა გონებაში,იმდენი მოგონება გახადა ხელშესახები, რომ კარგა ხანს  ვდუმდი და გულაჩუყებული.

განა იმ ძველ დროს მივტიროდი,განა ის ძველი დრო მენატრებოდა,არა,იმ სიძველესა და სინესტეში ჩაკარგულ ბავშვობას ვხედავდი და მენანებოდა,მახსოვდა და მენატრებოდა.

 იმ იდეოლოგიურ  ბოროტებაზე,რომელსაც ფეხის ყოველ გადადგმაზე გადააწყდებოდი მაშინ,  არაფერი გამეგებოდა და ყველაფერს, როგორც კანონზომიერს ისე ვთვლიდი და აღვიქვამდი.

ახლა, ამ გადმოსახედიდან,ვხვდები და მესმის, რას ნიშნავდა საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნის შვილობა,თორემ მაშინ ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა.

არადა,რამდენი რამ გამახსენდა,თუნდაც ამ წამიერი გარინდებისა და ჩაფიქრების წუთებში,რამდენი რამ გამახსენა  რამდენიმე გაცრეცილმა ფარატინა ფურცელმა.

პირველი,ამ დამახინჯებული იდეოლოგიის გამტარებელი და პროპაგანდისტი ტელევიზია იყო.

 მაგალითად,სკოლის მოსწავლე ვიყავი,როცა თვითმფრინავის გატაცების ამბავი მოვისმინე ტელევიზორში.მახსოვს,ქვეყნის მტრებად და  ჯაშუშებად მოიხსენიებდნენ იმ ახალგაზრდებს,ჩემ გარშემო უფროსებიც ასე თვლიდნენ და მე სხვაგვარად როგორ უნდა მეფიქრა.მერე როცა გავიზარდე და გადავაფასე ღირებულებები,მივხვდი,რა დიდი ადამიანები იყვნენ ისინი,რამხელა ძალა და გონიერება ჰქონდათ.როგორ მოახერხეს და გაარღვიეს ის ჯადოსნური სივრცე,რომელიც  დაუნდობლად ყლაპავდა,შთანთქავდა  იმდროინდელი საზოგადოების აზროვნებებას,მეობას,ეროვნულობას.

   მახსოვს,  მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები’’ რომ დადგა თემურ ჩხეიძემ, როგორი ამბავი ატყდა,როგორ აკრიტიკებდნენ და როგორი სიძულვილით საუბრობდნენ ავტორზე,სპექტაკლზე,პერსონაჟებზე, რეჟისორზე,მსახიობებზეც კი,რომელთაც გაბედეს და ითამაშეს.ზოგჯერ ქუჩაშიც კი ლანძღავდნენ და აგინებდნენ.

ამ ყველაფერს ჩემი ოჯახის წევრებიც ადევნებდნენ თალს  და მეც, მათ ზურგსუკან ამოფარებული,დიდი ინტერესით შევცქეროდი და ვისმენდი,თუმცა ვერ ვხვდებოდი, რა დაშავდა,რას ერჩოდნენ.

რომ წამოვიზარდე, ერთ უფროს მეგობარს ვკითხე ამ ნაწარმოების შესახებ,უკეთესად ამიხსნა, თუმცა მაინც ბურუსით იყო მოცული ბევრი რამ,მერე მანვე მომიტანა წიგნი და მახსოვს როგორ გასაიდუმლოებულ ვითარებაში ვკითხულობდი,მეშინოდა,არავის შევემჩნიე.კი წავიკითხე, მაგრამ  მაინც ვერ დავინახე ის,რაც მერე  აღვიქვი და  ახლა ვიცი.

როცა ამ ნაწარმოების სიდიადე და გენიალურობა შევიგრძენი,იმასაც მივხვდი,რატომ მოუწყვეს მაშინ ,,სასამართლო’’ მის რეჟისორს,მსახიობებს,რატომ ჩათვალეს სულის გამხრწნელ ნაწარმოებად და,რაც ყველაზე მთავარია,მივხვდი,რატომ დახვრიტეს მისი ავტორი.

აბა როგორ დაუშვებდა იმდროინდელი ხელისუფლება ,,ჩანჩურას’’, ,,ეკას’’, ,,უპატრონოს’’, ,,გივი შადურის’’, ,,თეთრი საყელოს’’, ,,კურკას ქორწილისა’’ და სხვა გენიალური ნაწარმოებების შემქმნელს ეცოცხლა,ეროვნული სიამაყე ჰქონოდა,მანკიერებანი ემხილებინა და მერე, დედამიწის ზურგზე ევლო და ჟანგბადი ესუნთქა...

კიდევ ბევრი შეიძლება გავიხსენო და ვთქვა,თუმცა მაშინდელი ,,ურჩხული რეჟიმის’’ დასანახად ესეც კმარა.

რა თქმა უნდა, არც პრესა იყო გამონაკლისი და უნდა ითქვას,რომ  იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთები,მათ შორის საბავშვოც,ერთ დიდ იდეოლოგიას ემსახურებოდა და ამას თანაბრად ინაწილებდა ყველა,საბჭოთა ძმური რესპუბლიკების თხუთმეტივე წევრი ქვეყანა,ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავე  იყო.

საინტერესოა,როგორ ახერხებდნენ და გვინერგავდნენ ბავშვობიდანვე ამ დიდი უსამართლო ურჩხულის სიყვარულს,პატივისცემასა და კრძალვას.

მეც და ჩემი თანატოლებიც  ისე აღტაცებითა და აღმაფრენით გავიძახოდით კომპარტიისა და მათი ბელადების საქებარ ლექსებს, ისე მონდომებით ვმღეროდით და ვცეკვავდით და თუ ვინმე გარდაიცვებოდა,ისე დიდ მწუხარებას გამოვხატავდით,დიდებსაც შეშურდებოდათ.

ამ დიდი, ბნელი და ბოროტი სახელმწიფოს იდეოლოგიის გამტარებელი იყო ის ორგანიზაციები,რომლებიც მაშინდელ საგანმანათლებლო სისტემაში იყო თავმოყრილი.

იმ ავტორიტატულ რეჟიმზე არაფერს ვამბობ,  საკლასო ოთახებში რომ სუფევდა.

  როდის გავხდი ოქტომბრელი და როდის დამაბნიეს სასკოლო ფორმის წინსაფარზე პატარა,ჯერ კიდევ ნორჩი ულიანოვის გამოსახულებიანი მედალი,არ მახსოვს,თუმცა,რომ მოვიზარდე და უფროს კლასელებს დავუნახე ყელსახვევი,გულით მომინდა,მეც დროზე გავზრდილიყავი და ალისფერი ყელსახვევის ღირსი ვყოფილიყავი.

 ერთხელაც ჩვენმა პიონერხელმძღვანელმა შემოგვითალა, გაკვეთილების შემდეგ ,,პიონერთა ოთახში’’ გამოცხადდითო.იქ მისულებს  სამი- ოთხი თაბახის ფურცელი ჩამოგვირიგა და გვითხრა,რაც იქ ეწერა,სხაპასხუპით გაგვეზუთხა,ისე პიონერთა რიგებში არ მიგიღებენო.

აბა,რაღა დამაძინებდა,სათითაოდ დავდევდი ოჯახის წევრებს და ვისაც ხელთ მოვიგდებდი,მივაჩეჩებდი ამ ფურცლებს,ვასმევინებდი კითხვებს და ვპასუხობდი,მანამდე,ვიდრე სიქა არ გაგვძვრებოდა.

ისე გავიზეპირე ყველაფერი,თვით დიდი ლენინიც კი იამაყებდა ჩემით,(ნუ მე ასე მეგონა).

პიონერად კურთხევის წინა ღამეს,არ მძინებია,იმდენი ვინერვიულე,დედაჩემიც გავაღვიძე,მიშველე,აღარაფერი მახსოვს და ხვალ პიონერი ვერ გავხდები-მეთქი,ძლივს დამამშვიდა და ისე აგვიხდეს ყველაფერი კარგი,როგორც მე  მაშინ პიონერთა რიგების ღირსეული წევრი გავხდი.

თავიდან კი მეხალისებოდა ყელსახვევის გამონასკვა და ფრიალი,მაგრამ მალევე მომბეზრდა და, როგორც აღმოვაჩინე, ჩემი მეგობრებიც არ იყვნენ ნაკლებ დღეში.

ისე მალე იჭმუჭნებოდა და იცვლიდა ფერს,ვოცდებოდი.მაგრამ ამაზე დიდი უბედურება იყო ის,რომ ბევრჯერ მისი გაკეთებაც გვავიწყდებოდა,ჰოდა,მაშინ რას აკეთებდა ჩვენი დამრიგებელი?! კლასის კართან გველოდა და ვინც უყელსახვევოდ ვიყავით, სახლში გვყრიდა თაქა-თუქითა და წყევლით,ჩვენც თავქუდმოგლეჯილები გავრბოდით და მოვრბოდით მერე უკვე ყელსახვევის ფრიალით.

ბოლოს,თვითონ რომ მობეზრდა, მორიგეებს გვავალებდა.ერთხელაც მე ვიყვი მორიგე და რამდენიმე ბავშვი გავაბრუნე უკან,როცა დამრიგებელი შემოვიდა და ვუპატაკე,არც მომისმინა ბოლომდე,ისე გამიჩეჩა თავი და კინწისკვრით გამომისროლა,თურმე,მე საწყალს,თავადვე დამვიწყებია იმ დასაწვავი ყელსახვევის გამოფსკვნა ყელზე.

ჩემს ბიძაშვილსა და, ამავე დროს, ჩემს თანაკლასელს,მაგალითად,ისე ხშირად ავიწყდებოდა და ისე ხშირად ისჯებოდა,გაბეზრდა  და  საღამოს ლოგინში იყოლებდა ყელზე მოხვეულს,რომ მეორე დღისთვის არ დავიწყებოდა,კი ეჭმუჭნებოდა,მაგრამ მაგას ვიღა დაეძებდა,მთავარია,კეთებოდა.

ერთხელ ნასვამმა მამამისმა დაინახა ნიფხავ-პერანგისამარა ყელსახვევიანი შვილი,რომელიც სუფთა სინდისით მიემართებოდა დასაძინებლად და გადაირია,განა შვილზე,ჩვენს დამრიგებელზე (იდეოლოგიას ვერ შეჰბედა,როგორც ჩანს)და დაიგინა,ხვალ უნდა ჩავიდე და დავერიო მაგათო,მაგრამ რომ გამოფხიზლდა,დავიწყებული ჰქონდა.

  ჯერ ხომ პიონერობას ვნატრობდი,მერე კომკავშირელებისა მშურდა,იმათ რა ენაღვლებოდათ,ეკეთათ გულზე უკვე მოჩიტული-თინეიჯერი ვალოდიას სურათი და იყვნენ არხეინად.რომ მიიბნევდენენ სექტემბერში,იხსნიდნენ მაისის ბოლოს.

ახლა იმას ვნატრობდი,მალე  გავმხდარიყავი კომკავშირელი და როცა ამის დრო მოვიდა,ისეთი ამაყი ვიყავი,ქვეყანა ჩემი მეგონა.

ოღონდ თუ პიონერთა რიგებში ადგილზე გვიღებდნენ,ახლა უკვე რაიონში მივდიოდით და იქ უკვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე ვდებდით ფიცს, იმის შემდეგ,როცა ,, გადასაყვან გამოცდას’’ წარმატებით ჩავაბარებდით, ანუ ათასგვარ უაზრო კითხვას დამაჯერებლად ვუპასუხებდით.

მოწინავე კომკავშირელებს  ბევრი საქმე გვქონდა,თვალყური უნდა გვედევნებინა ოქტომბრელებისა და პიონერებისათვის, გამოგვეშვა კედლის გაზეთები,

  მოგვეწყო და დავსწრებოდით რაზმეულისა და რაზმის  შეკრებებს და ყველა მნიშვნელოვანი თარიღი  აღგვენიშნა დაფითა და ნაღარით.ბოლოს ყველაფერი ფიცის დადებით მთავრდებოდა,კომპარტიას ვპირდებოდით,რომ ვიქნებოდით დიდი ლენინის საქმეების ღირსეული გამგრძელებლები.

 ბოლოს ლამის პარტიაშიც შევდგი ფეხი,თუმცა ვერ მოვასწარი. მე რომ წესდებისა და კანონების შესწავლა  დავიწყე და  ჩემიანებმა ნაცნობების   მოძიება,(რადგან იქ მოხვედრა არ იყო ადვილი).დაემხო პარტიაცა და ქვეყანაც. დაიწყო დაშლა იმ დიდმა ურჩხულმა,,საბჭოთა კავშირი’’ რომ ერქვა.

მერე უკვე პარტიაში შესვლას  კი არა, იქიდან გამოსვლასა და პარტ-ბილეთების დახევა-გადაყრას ასწრებდნენ ერთმანეთს მანამდე ერთგული შვილები ამ ორგანიზაციისა.

  პ.ს.როცა სტუდენტი გავხდი,აღმოვაჩინე,რომ საბჭოთა კავშირის ისტორია უკეთესად ვიცოდი,( თუნდაც ყველა ყრილობა,თავისი ტაშითა და მქაუხარე ტაშით)ვიდრე   ჩემი ქვეყნისა.

მერე ჩავუჯექი და დავიწყე მისი შესწავლა და მერე მოვიდა ის სიამაყე თუ ტკივილი,რაც ქართული მატიანის შესწავლას ახლდა თან.

ახლა თავად ვარ მასწავლებელი და გამუდმებით ვცდილობ,დავანახო და შევაყვარო ბავშვებს,ის,რაც მათია.

 ვცდილობ, ჩავაწვდინო  იმას,თუ რისა და ვისი საქმეების გამგრძელებლები არიან,ვის ფესვებზე დგანან.

ვცდილობ,ერთად გადავაფასოთ ღირებულებები,მისაღები მივიღოთ,უარსაყოფი-უარვყოთ.

არ მინდა,სულერთი იყოს მათთვის საქართველო და  ქართველობა.

პ.ს.  და რატომ ვერ იარსება  საბჭოთა წყობამ  სამოცდაათ წელზე მეტი?! უღმერთო იყო და იმიტომ,  მე რომ მკითხოთ,კიდევ დიდხანს გაძლო, განა შეიძლება, უღმერთოდ ცხოვრობდე და იყო,რა თქმა უნდა არა.

ვ.სებისკვერაძე

17.01.2021წ.

 

 

 

Comments

Popular posts from this blog

ქუზა პაპა. სტუმარი რომ ღვთისაა,ბავშვობიდანვე ჩამაგონეს და დღემდე ასე მჯერა. ვერაფერს ისე ვერ დაგამახსოვრებინებენ და ვერც გაგაკეთებინებენ,თუ თავად არ მოგცეს მაგალითი.   რამდენიც უნდა ეძახათ უფროსებს,სტუმარი გიყვარდეთ,მიიღეთ და პატივი ეცითო,თუ თავდ არ იქნებოდნენ მაგალითის მიმცემნი,მათი შეგონება ჩაივლიდა, ვითარცა წყალი ჩაილურისა.    ჩემს მამულეთსა თუ დედულეთში,სტუმარი მუდამ სასურველი იყო,მაგალითად, დედაჩემის მამა,უშანგი მულაძე,თუ დღე ისე დაღამდებოდა, კარს არავინ შემოაღებდა,ვერ იყო ხასიათზე.წუხდა,აშკარად რაღაც აკლდა. რა უნდა მომხდარიყო, თუნდაც შუადღით, სამსახურიდან შესვენებაზე მოსულს,ერთი კაცი მაინც არ შემოეყოლებინა.მისი ეს ხსიათი კარგად იცოდა ბებომ და ამიტომაც,როცა სუფრას შლიდა,მუდამ იჭერდა თადარიგს.მერწმუნეთ, პაპაჩემის მარტო დანახვა უფრო საკვირველი იქნებოდა,ვიდრე სტუმართან ერთად. ასე იყო მამაჩემიც,მეორე პაპა,ალექსანდრე სებისკვერაძეც,ერთი სიტყვით, ვინც ნებით გვსტუმრობდა,ხომ კარგი და ვინც არა-ძალით მოჰყავდათ. გზის პირას ვცხოვრობთ და მამამ,თუ   ეცალა და სახლში იყო, ჭიშკარში ი
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ
 იდეოლოგია,როგორც ასეთი. (ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)   რამდენიმე დღის წინ,    არქივში ქექვის დროს,   გაცრეცილი ფურცლების დასტას   გადავაწყდი, მართალია,ზოგს დასაწყისი   აკლდა,ზოგს-დასასრული,მაგრამ მაინც   ადვილად ამოვიცანი ჩემი ბავშვობისდროინდელი ჟურნალები,,პიონერი’’ და ,,დილა’’.    როგორც ჩანს,მხოლოდ ის ამომიჭრია და შემინახავს,სადაც ჩემი პატარ-პატარა მოთხრობები და ჩანახატები იყო დაბეჭდილი. ახლა ნამდვილად არ ვაპირებ   მათ გამომზეურებას,თუმცა ამ სიძველისაგან   გაყვითლებულმა და სინესტეშეპარულმა ფურცლებმა უკან,შორეულ ბავშვობაში გადამტყორცნა და იმდენი რამ ამომიტივტივა გონებაში,იმდენი მოგონება გახადა ხელშესახები, რომ კარგა ხანს   ვდუმდი და გულაჩუყებული. განა იმ ძველ დროს მივტიროდი,განა ის ძველი დრო მენატრებოდა,არა,იმ სიძველესა და სინესტეში ჩაკარგულ ბავშვობას ვხედავდი და მენანებოდა,მახსოვდა და მენატრებოდა.   იმ იდეოლოგიურ   ბოროტებაზე,რომელსაც ფეხის ყოველ გადადგმაზე გადააწყდებოდი მაშინ,   არაფერი გამეგებოდა და ყველაფერს, როგორც კანონზომიერს ისე ვთვლიდი და აღვიქვ