რამდენიმე დღის წინ, არქივში ქექვის დროს, გაცრეცილი ფურცლების დასტას გადავაწყდი, მართალია,ზოგს დასაწყისი აკლდა,ზოგს-დასასრული,მაგრამ მაინც ადვილად ამოვიცანი ჩემი ბავშვობისდროინდელი ჟურნალები,,პიონერი’’ და ,,დილა’’. როგორც ჩანს,მხოლოდ ის ამომიჭრია და შემინახავს,სადაც ჩემი პატარ-პატარა მოთხრობები და ჩანახატები იყო დაბეჭდილი. ახლა ნამდვილად არ ვაპირებ მათ გამომზეურებას,თუმცა ამ სიძველისაგან გაყვითლებულმა და სინესტეშეპარულმა ფურცლებმა უკან,შორეულ ბავშვობაში გადამტყორცნა და იმდენი რამ ამომიტივტივა გონებაში,იმდენი მოგონება გახადა ხელშესახები, რომ კარგა ხანს ვდუმდი და გულაჩუყებული. განა იმ ძველ დროს მივტიროდი,განა ის ძველი დრო მენატრებოდა,არა,იმ სიძველესა და სინესტეში ჩაკარგულ ბავშვობას ვხედავდი და მენანებოდა,მახსოვდა და მენატრებოდა. იმ იდეოლოგიურ ბოროტებაზე,რომელსაც ფეხის ყოველ გადადგმაზე გადააწყდებოდი მაშინ, არაფერი გამეგებოდა და ყველაფერს, როგორც კანონზომიერს ისე ვთვლიდი და...