Skip to main content
ვენარა და ბატები ვ.სებისკვერაძე ციკლიდან,,რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების’’)
იმ წელს მერვე კლასი დავამთავრე,სხვათაშორის,წარმატებით და არხეინად დავიწყე ზაფხულის დღეების ათვლა.
სოფლის ბავშვებს საქმეს რა გამოგვილევდა.სახლის საქმეც უნდა მოგვესწრო,ბაღ-ვენახებშიც უნდა გავყოლოდით უფროსებს და ჩვენთვისაც მოგვეტოვებინა დრო გასართობად. გარდა ამისა,წიგნებიც უნდა გვეკითხა,თქვენ წარმოიდგინეთ,ყველაფერს ვასწრებდით და, ალბათ, იმიტომ,რომ ჩვენ მაშინ არც ტელეფონი გვქონდა ,არც აიფონი,არც კომპიუტერი და არც არაფერი მაგვარი.მავანი იტყვის:,,რა საცოდავი და მძიმე ბავშვობა გქონიათო,’’მაგრამ ასე არ ვფიქრობ, უფრო პირიქით მგონია.რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების გამოყენების წინააღმდეგი არა ვარ,თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო და გადამეტებული არაფერი ვარგა.
ერთი სიტყვით,იმ ზაფხულის ერთ მშვნიერ დღეს მე და ჩემმა სამი წლით უფროსმა მეგობარმა,რომელსაც ოჯახში უამრავი ბატი ჰყავდა,მოვიცალეთ და ბატები მდინარის პირას ჩავიყვანეთ.ბატები თავისთვის განაპირდნენ და გრილდებოდნენ მდინარეში,ჩვენ ჩვენთვის,თუმცა წყალი ისეთი პატარა იყო,კოჭს ძლივს გვიფარავდა,კარგი საბანაო ადგილიც ვიცოდით,სადაც ბოლომდე ვიფარებოდით,მაგრამ იქ წასვლას ვერ ვბედავდით,ერთი იმიტომ,რომ ბატები დაგვეკარგებოდა,მეორე იმიტომ,რომ მშობლები გვიშლიდნენ(რატომ ახლაც არ ვიცი) და მესამეც,არ გვქონდა გამოსაცვლელი სამოსი,სველი ტანსაცმლით სახლში მისვლა კი სიკვდილის ტოლფასი იყო.
ჰოდა,,,დავტოპიალობდით’’ მდინარე ფრონეში დამწუხრებული სახეებით და რაც გვქონდა იმას ვყაბულდებოდით.ეტყობა ეს ჩვენი,,მწუხარება’’,,მაღლა ზეცით ესმა ღმერთსა’’ და მშველელიც მოგვივლინა.  მშველელი რაა,უფრო წამქეზებელი. 😉 სად იყო და სად არა,ჩვენი მეზობელი ქალი გამოჩნდა,ბაღიდან მოდიოდა,რომ დაგვინახა,დაგვანამუსა,რას დატოპაობთ,ამხელა გოგოები ხართ,წადით თუთებში(ეს ის ადგილია,სადაც წყალი სპეციალურად იყო დაგუბებული)იქ იბანავეთო,ჩვენ სულმოუთქმელად ვიმართლეთ თავი,ვუთხარით,რომ დავკარგავდით ბატებს,არ გვქონდა გამოსაცვლელი სამოსი და ვიყავით ძალიან უბედურები.ამ ქალმა ისეთი,,შეგვიკიკინა’’ ზუსტად ათ წუთში ბატებიც დაგვავიწყდა,მშობლებიც და გამოსაცვლელი სამოსის არქონაც.პირადად მითხრა:არ არის პრობლემა,ჩემი კაბა ჩაიცვი,მე ისეც კარგად ვიბანავებ,ზღვაზე ხალხი სულაც,, ტრუსიკით ‘’ბანაობსო(ეტყობა ტრუსიკი და საცურაო კოსტიუმი მისთვის სულერთი იყო) 
ერთი სიტყვით,ბატები დავანამუსეთ და შევიპირეთ,რომ უჩვენოდ სახლში არ წავიდოდნენ, ჩვენ კი ამ ქალის მეთაურობით ამაყად გავემართეთ ,,თუთებისკენ’’ . ტანსაცმელი ფრთხილად ჩამოვკიდე თუთის ხეზე და გამოვეწყე ჩვენი წამქეზებლის კაბაში.ჩემი მეგობარი უფრო ,,მაგარი გოგო ‘’იყო და თავისი ტანსაცმლით შებედა წყალს,აი ჩვენი ,,ატამანი’’ კი ტოტიანი ნიფხვისა და ლიფის ამარა შეტანტალდა.(ამ დროს იქ ჩვენ გარდა კიდევ ბევრი ბავშვი იყო ) 
ეს ამბავი მაშინ ძალიან სამხიარულო იყო,ისეთი,რომ ლამის სიცილისგან წყალში დავიღრჩე,მაგრამ ახლა ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ,ძალიან მრცხვენია.მართალია,მან თავად გამოიჩინა ინიციატივა და იქით წაგვაქეზა ბავშვები,მაგრამ მაინც არ იყო ლამაზი, მით უფრო ის, რაც შემდეგ მოხდა.
ამ ქალს,რა თქმა უნდა,ქმარიც ჰყავდა,შვილებიც და დედამთილ-მამათილიც .
აი,ამ ჭყუმპალაობაში რომ ვართ,გავიხედე და დავინახე,იქვე ბექობზე მისი მამამთილი,ფიჩხის კონა გაედო მხარზე და მოდიოდა, მე ვხედავდი,ეს ქალი ვერა.რძალს რომ მოჰკრა თვალი,ნიფხვის ამარას,თვალები გადმოკარკლა და ფიჩხის კონა ძირს დაუვარდა,მერე უფრო წინ წამოდგა და ისე დააკვირდა,იფიქრა თვალი მატყუებსო.გეფიცებით ერთი-ორჯერ მოიფშვნიტა კიდეც.ახლა მე როდი დავიბენი და ამ ქალს დავუძახე,რომელიც წელამდე იდგა წყალში,არიქა,შედი სიღრმეში შენი მამამთილია -მეთქი,ამ ქალმა აიხედა და მამათილი რომ დაინახა,წყლის სიღრმეში შესვლის მაგივრად ნაპირისკენ გაიქცა,იფიქრა ხეებს შევეფარებიო,მაგრამ ნაპირიდან ხეებამდე მთელი მინდორი რომ უნდა გადაერბინა,ეს ვეღარ განსაზღვრა.ეს იმ წუთას ისეთი სასაცილო იყო,ერთმანეთს ვებერტყებოდით მე და ჩემი მეგობარი 
გაოცებისაგან შოკში ჩავარდნილმა ღრანჭმოღრეცილმა მამამთილმა ძლივს აითრია წელი და ის ფიჩხის კონა,კრინტი არ დაუძრავს,თავის კანტურით მოშორდა იქაურობას,(შეიძლება გაწითლდა კიდეც სირცხვილისგან,შორს იყო და ეგ ვერ შევამჩნიე) 
ქალი მიხვდა თავის ‘’შეცდომას’’ და იმის მაგივრად საკუთარი თავი გაეკიცხა, ჩვენ მოგვადგა,ის ხომ გვლანძღავდა და ჩვენ მაინც სიცილსგან ვიგუდებოდით,ბოლოს ჯოხს რომ დაუწყო ძებნა,ვიკადრეთ და გამოვიქეცით, მისი კაბა ჰაერშივე გავიხადე,მივუგდე და ასევე ჰაერში ჩავიცვი ჩემი  მალე დაანება თავი ჩვენს დევნას,რადგან იმასაც მიხვდა,რომ უნდა ჩაეცვა და ჩვენ რომ ვერ დაგვეწეოდა იმასაც.
მშვიდობით დავბრუნდით დისლოკაციის ადგილზე,ბატებს არც ჩვენი წასვლა გაუგიათ და არც მოსვლას აღუფრთოვანებია,იყვნენ და ყიყინებდნენ.წამოვასხით, თან უკან ვიყურებოდით,ვაითუ მოგვდევსო  ხომ გვეშინოდა,მაინც ისე ვიცნოდით,გზაში ვინც გვხვდებოდა,თითს იტრიალებდა შუბლთან,ფიქრობდნენ, ვერ არიან კარგადო 
P.S.საღამოს ისეთი ყვირილი გამოდიოდა ,,ჩვენი ატამანის’’ სახლიდან,მე და ჩემი მეგობარი ცოდვით ვიდაგებოდით და მთელი ზაფხული ვემალებოდით 
21.06.2018წ.

Comments

Popular posts from this blog

ლექსი არსენა ოძელაშვილისა.

ჩემი თაობის ბავშვებს , გვქონდა ბედნიერება , გვესწავლა ხალხური ლექსი არსენა ოძელაშვილზე ( ვიდრე ვისწავლიდით ჯავახიშვილის '' არსენა მარაბდელს ''). ისე გულიანად მაქვს ნასწავლი , დღემდე თითქმის ზეპირად ვიცი , ეს ჩემი სიბეჯითის დამსახურება იმდენად არაა , რამდენადაც ჩემი ქართულის მასწავლებლისა , ისეთი მკაცრი და მომთხოვნი იყო , გახსოვთ , ალბათ , ბრეჟნევის '' ყამირი '','' მცირე მიწა '' და '' აღორძინება '' დაგვაზეპირებინა და არსენას ლექსს '' გამოგვატოვებინებდა ''? ასე , რომ დავიწყეთ და გავიზუთხეთ , არსენაზე ფიქრით ვათენ – ვაღამებდი ( მე ასე ვიყავი , ყოველშემთხვევაში ). გავედით ბოლოში და მასწავლებელმა საშინაო დავალებად მოგვცა ამ ლექსის შინაარსი , თუმცა მე არ გამიგია , რატომ , ვერ გეტყვით , არ ვიცი . მეორე დღეს , გაკვეთილზე გამოვიჭიმე ცარიელი რვეულით . აბა , დავალება ვისა აქვსო რომ იკითხა , ცოტა არ იყოს , დამცხა , ვიცოდი , დავისჯებოდი და შეშინებულ...
  ...გამომძიებელმა ისეთი თვალით შეხედა,მიხვდა, ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა...რომ შვილი,პატარა გოგონა,მარტო ჰყავდა დატოვებული სახლში,გარედან გადაკეტილი კარით,რომ ღამდებოდა და ბავშვს შეეშინდებოდა,რომ არავინ იყო ბავშვის პატრონი...თავის მართლება არც უცდია,პროკურორის სანქციას წინ ვეღარავინ აღუდგებოდა...ერთი ზარის უფლება მხოლოდ,ვისთან? ძმასთან,მაშინვე ის ამოუტივტივდა გონებაში მხსნელად,არა,კი არ ამოუტივტივდა,სულ ახსოვდა...მერე,ბევრი რამ ამოუვარდა მეხსიერებიდან,ვინ შედიოდა,ვინ გადიოდა,ვინ რას ამბობდა,აღარ ახსოვს,ყველაფერს ხედავდა,ოღონდ სადღაც სხვა განზომილებაში,აღქმის გარეშე...მხოლოდ გამომძიებლის და გუშაგის საუბარმა გამოაფხიზლა–:ხელბორკილი დავადოთ თუ არაა საჭირო?!–არ გინდა,იყოს ასე...მერე სთხოვეს,გაჰყოლოდა,გაჰყვა,თავჩაქინდრული,გაფითრებული,დამცირებული,მაგრამ ამავე დროს,ამაყიც,რადგან ღმერთთან მართალი იყო და მთავარიც მისთვის ეს იყო...ძნელია აღქმა იმისა,როგორ შეიძლება ერთდროულად ამაყიც იყო და დამცირებულიც,მაგრამ ეს ასე იყო...მერე იყო სინასწარი დაკავების საკანი და დაკითხვები...შეკითხვები...უპასუ...
და რადგან ასეთი ''ხელშესახებია''ბავშვობა ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ,არა მარტო ჩემთვის,ვაგრძელებ ციკლს სერიიდან''რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების''...ცოდვა გამხელილი ჯობია და(რომც დავმალო,მაინც მიხვდებით) გეტყვით,რომ საკმაოდ ''ფოცანგარა''ბავშვი ვიყავი და ახლა მოგიყვებით,იმ ''ფათერაკებიდან ერთ–ერთს,რომელმაც ჩენი ქარხნის(სოფელში უშველებელი დოლომიტის გადასამუშავებელი ქარხანა იყო) დირექტორი ლამის შეიწირა..ერთ დღეს,დავისაჯე,რაზე,აღარ მახსოვს და სასჯელის ''უმაღლეს''ზომად მომისაჯეს სახლში ჯდომა(ამაზე დიდი ტრაგედია რა იქნებოდა ჩემთვის)... საღამოა,მშვიდი(როგორც იტყოდა გრანელი:''ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი''),გარეთ ჟრიამული გაუდით ბავშვებს და არა მატო მათ,უფროსებიც ქალიან–კაციანად გარეთ არიან გაკრეფილნი,დგანან ლაყბობენ სალაყბოზე,ელაყბებათ და რა ქნან?! მე კი დასჯილ–მისჯილი,ხან ერთი ოთახის ფანჯრიდან გავცქერი არემარეს,ხან მეორედან..ჰოდა,ამ ბოდიალში მივადექი სამზარეულოს ფანჯარას და დავინახე,მოპირდ...